თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

პირველი საკითხი, რომელზეც დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, ზონალურ-საათობრივი პარკირების წესია, რომელიც პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან კოტე აფხაზის ქუჩასა (ყოფილი ლესელიძის) და მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება.

„ყველამ ვიცით, რომ თბილისს მრავალი გამოწვევა აქვს და თითოეული მათგანის დაძლევა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მნიშვნელოვანია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი ყველა გამოწვევის მიმართ, ძლიერი იყოს. არის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ერთ-ერთ მათგანს ტრანსპორტით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება და საცობების მზარდი ტენდენცია წარმოადგენს. რასაკვირველია, ეს ის პრობლემაა, რომლის ერთი ხელის მოსმით მოგვარება შეუძლებელია, თუმცა ჩვენ ხელთ არსებული რესურსებით, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკით, რომელიც გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი, პრობლემის მოგვარებასა და გადაჭრას შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს აღწევს, რადგან თბილისში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება.

კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქში ნაკლებ მანქანას და მეტ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისახავს მიზნად, რომელიც ყველაზე კომფორტული და სწრაფი იქნება.

„ზონალურ-საათობრივი პარკირება ჩვენი ქალაქისთვის სიახლეა. პარკირების პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია მუნიციპალიტეტისთვის, რომლითაც შესაძლებლობა გვექნება, დავარეგულიროთ ქალაქში ნაკადები, საცობები, საპარკინგე ადგილებზე გადაჭარბებული მოთხოვნა და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო მანქანების მოხმარების მაჩვენებელი, რომელიც მუდმივად კერძო მანქანებისკენ იზრდება. ჩვენი მიზანიც სწორედ ამ მაჩვენებლის შეცვლაა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განმარტებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება ევროპის ყველა განვითარებულ, განსაკუთრებით გადატვირთულ ქალაქებში დიდი ხნის წინ დანერგილი მოდელია და ის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით, ერთ-ერთ ქმედით საშუალებად მიიჩნევა.

„ჩვენ ამ დღეებში საკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად გადაუგზავნით თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესებს, რომელიც პირველ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, პირველი ივლისიდან რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება. ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება და მისი ოდენობა ზონების მიხედვით დიფერენცირებული იქნება. ამაზე საკრებულოსთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ. პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) და მიმდებარე ქუჩებია. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი განაგრძობს მუშაობას სხვა არეალებზეც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას არ შეეხება; ასევე, არ შეეხება სრულად ელექტროძრავიან ავტომანქანებს და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს; რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები ქალაქის მასშტაბით; გარდა ამისა, ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15-წუთიანი პარკირებით.

კახა კალაძის ინფორმაციით, საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. შემოსული თანხები კი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აკუმულირდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.

„საათობრივი პარკირების ზონაში მუნიციპალიტეტი მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდებას განაგრძობს და მათ მანქანის ალტერნატივად განვითარებულ, განახლებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შევთავაზებთ. ჩვენ ასევე, ვაწყობთ ავტობუსის ზოლებს და უკვე ყველა კარგად ვხედავთ, რომ თანდათან ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მალე გადაადგილდება, ვიდრე კერძო მანქანა. მნიშვნელოვანია, ჩვენ რაც შეიძლება მალე მოვახერხოთ არსებული პარკის განახლება, რათა ავტობუსებით გადაადგილება ძალიან სწრაფი და კომფორტული იყოს. ამ მოდელზე დიდი ხანია ვმუშაობთ, გავლილი და განხილულია კერძო ექსპერტებთან და სპეციალისტებთან, რომლებიც ერთხმად ეთანხმებიან ამ მიდგომებს. თბილისი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქალაქი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესახებაც კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, თბილისში ელექტროდამტენების მონტაჟია, რომელსაც კონკურსის გზით შერჩეული კერძო კომპანია განახორციელებს. კომპანიის შერჩევის მიზნით კონკურსი ორი კვირის ვადაში გამოცხადდება.

„11 თებერვლიდან ჩვენს მიერ შექმნილმა ვებგვერდმა chargers.tbilisi.gov.ge - ელექტროდამტენების მონტაჟთან დაკავშირებით, მოქალაქეების მოთხოვნების მიღება დაიწყო. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ელექტრომობილების მფლობელების მომართვის საფუძველზე, ვიღებთ პასუხისმგებლობას, სხვადასხვა ქუჩაზე ელექტროდამტენები დავამონტაჟოთ. როგორც გითხარით, ელექტროდამტენები უპირატესად იმ ადგილებში დამონტაჟდება, რომელთა შესახებაც უფრო მეტი მოთხოვნა შემოვა ანუ პრიორიტეტების მიხედვით იქნება განსაზღვრული. დღეის მდგომარეობით, უკვე 40-მდე განცხადებაა შემოსული და უახლოეს მომავალში დამტენების მონტაჟს დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კონკურსის შედეგად გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ, ელექტროდამტენების დამონტაჟების თხოვნით შემოსული განცხადებების დაკმაყოფილება ეტაპობრივად დაიწყება.

დედაქალაქის მერი ქალაქის მასშტაბით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონოდ მითვისების ფაქტებსაც გამოეხმაურა, რომელიც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა.

„მინდა შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ, ყაჩაღურად მიტაცებას. ბოლო დღეების განმავლობაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინა მსგავსი ფაქტები, რაც ძალიან მძიმეა და პირადად ჩემთვის და ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია. გვაქვს ფოტომასალა, სადაც კარგად ჩანს, რომ საძირკველის ჩასასხმელად ტრანშეები უკვე გათხრილი იყო. მინდა კიდევ ერთხელ ყველა გავაფრთხილო, რომ მსგავსი რამ არავის გამოუვა. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს მიწები ასე ყაჩაღურად მიიტაცოს. აღნიშნული ტრანშეები უკვე შევსებულია და მიწა მოსწორებულია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ უკანონო ფაქტებზე დროული რეაგირებისთვის თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მუნიციპალური ინსპექციის უფროსს და მის ყველა თანამშრომელს, მადლობა გადაგიხადოთ დროული რეაგირებისთვის. გააგრძელეთ მუშაობა ამ მიმართულებით და ჩვენგან ყოველთვის მაქსიმალური თანადგომა გექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი და უახლოეს მომავალში გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც მსგავსი უკანონო ფაქტების აღკვეთის შემდეგ, შესაბამის სადემონტაჟო სამუშაოებს ჩაატარებს.

„არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამგვარ ქმედებებს სჩადიან. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას მივაწვდით და ამ უკანონობას ერთიანი ძალისხმევით შევეწინააღმდეგებით. ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონს. ეს ადამიანები ამ ქმედებებით თბილისის მერიას და ზოგადად, სახელმწიფოს უპირისპირდებიან. არის შემთხვევები, რომ პატარა სახლებიც აქვთ ჩადგმული და ჰგონიათ, ვინმე ამას დაუკანონებს. ისინი ძალიან ცდებიან. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ეს მიწები ისევ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნდეს. თუ საჭირო იქნება სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება მოახდინეთ, კანონის შესაბამისად იმოქმედეთ. როგორც ვიცი, ტენდერი უახლოეს პერიოდში დასრულდება და მალე გვეყოლება კომპანია, რომელიც მსგავს სამუშაოებს შეასრულებს“, - განცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც გუშინდელი ვიდეოდიალოგის დროს თბილისის მერსა და მოადგილეებს შეკითხვები დაუსვეს, მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებასთან კომუნიკაციაა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ, გუშინ მოსახლეობასთან ჩემი და ჩემი მოადგილეების დიალოგი შედგა, სადაც შევეცადეთ, მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებზე გვეპასუხა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს. გარდა იმისა, რომ მოსახლეობას პროექტებისა და ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ვაწვდით, საზოგადოების კითხვებზე პასუხები ძალიან მნიშვნელოვანია. დიალოგის გუშინდელი ფორმატი ჩემი და მოადგილეების ჩართულობით, ძალიან საინტერესო იყო. მსურს, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც შეკითხვა დასვა. ნაწილს გავეცით პასუხი, თუმცა დარჩა შეკითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა ფიზიკურად ვერ მოვასწარით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვიდეოდიალოგი ერთჯერადი პროექტი არ იქნება და მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის მიზნით, პროცესში თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები და რაიონების გამგებლები ჩაერთვებიან.

20 თებერვალი 2019