დაგეგმილი პროექტების დროულად დაწყების მიზნით, მერიამ საკრედიტო ხაზის გახსნაზე საკრებულოსგან თანხმობა მიიღო

თბილისის მერიამ კომერციულ ბანკში საკრედიტო ხაზის გახსნასთან დაკავშირებით, დედაქალაქის საკრებულოსგან თანხმობა მიიღო, რაც მუნიციპალიტეტის მთავრობას საშუალებას მისცემს, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე სატენდერო პროცედურები ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერების გამოყოფამდე დაიწყოს.

როგორც ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს აღემატება და ის დამატებით, 100 მილიონი ლარით გაიზრდება, თუმცა ვინაიდან ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის გამოყოფას „ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილება სჭირდება, საკრედიტო ხაზის გახსნაა საჭირო, რათა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დროულად დაიწყოს და ზაფხულის პერიოდში წარიმართოს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, საკრებულომ მხარი დაუჭირა საკრედიტო ხაზის შექმნის გადაწყვეტილებას, რომელიც დედაქალაქის მერიას საშუალებას აძლევს, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სატენდერო პროცედურები დროულად, ტრანსფერის გამოყოფისთვის აუცილებელი საკანონმდებლო პროცედურების დასრულებამდე დაიწყოს. მერია დაიწყებს ბანკებთან პირობების გამოკითხვას. ვინც უკეთეს პირობას შემოგვთავაზებს, საკრედიტო ხაზის გახსნა მასთან მოხდება. ამგვარად, აღარ მოგვიწევს, დაველოდოთ საბიუჯეტო ცვლილებებს ცენტრალური ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავიწყოთ. ეს გეგმარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან აქტიური სარეაბილიტაციო ფაზა შედარებით წყნარ პერიოდს, ზაფხულის სეზონს უნდა დაემთხვეს. მნიშვნელოვანია, რომ ტენდერების გამოცხადებას შევძლებთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, წელს დედაქალაქს უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის ბიუჯეტი აქვს.

„ამ დრომდე თბილისის ბიუჯეტი მილიარდი ლარიც არ ყოფილა, წელს კი უკვე მილიარდ ას მილიონზე ავდივართ. ამ ბიუჯეტით ქალაქში ძალიან მასშტაბური სამუშაოები შესრულდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის მერიისთვის საკრედიტო ხაზის გახსნასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოში დღეს იმსჯელეს.

12 თებერვალი 2019