კახა კალაძე დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

კახა კალაძე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა.

„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. დიდი ტრაგედია დატრიალდა. იაშვილის კლინიკაში გადმოყვანილი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ხვალამდე ექიმების დაკვირვების ქვეშ დარჩებიან და მკურნალობას გააგრძელებენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, აფეთქების გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

„საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში გვეცოდინება, რეალურად რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ადგილზე ამ დროისთვის, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დედაქალაქის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

მომხდართან დაკავშირებით, ამოქმედდა გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 2 37 45 31, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის N10. ცხელ ხაზზე ასევე, მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

17 იანვარი 2019