კახა კალაძე შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 1992 წლის რეზოლუციის თანახმად, 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.

როგორც კახა კალაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების, ჩართულობისა და თანასწორობის უზრუნველყოფა თბილისის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ჩვენი მთავარი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების, ჩართულობისა და თანასწორობის უზრუნველყოფაა. პირველ რიგში, სწორედ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ვალდებულებაა, როგორც შენობა-ნაგებობებში, ისე ქუჩებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გადაადგილებისთვის სათანადო ინფრასტრუქტურა შეიქმნას, ხელი შეეწყოს მათ დასაქმებას და დამოუკიდებელ ცხოვრებას. თბილისის მერია ქალაქში ქვეითთა ადაპტირებულ გადასასვლელებს აწყობს და ყველა იმ პროექტში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, შშმ პირთა უფლებები გათვალისწინებულია. აღნიშნული მიმართულება გათვალისწინებულია იმ ახალ, ევროპული ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებშიც, რომელსაც დედაქალაქის მერია ყიდულობს და ყველა მათგანი ადაპტირებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მაქსიმალური ძალისხმევით ცდილობს, თბილისი ნებისმიერი მოქალაქისთვის ინკლუზიური და კომფორტული ქალაქი გახდეს.

„სამშენებლო ნებართვების გაცემისას, პროექტში შშმ პირთა პანდუსებისა და ლიფტების გათვალისწინება სავალდებულოა. ასევე, აუცილებლობელია, რომ სკოლები და ბაგა-ბაღები შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღიჭურვოს. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში უკვე გვაქვს პარასპორტის ცენტრი და შშმ პირთათვის ხუთი მუნიციპალური პროგრამა მუშაობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერია „დღის ცენტრების“ სახელმწიფო ქვეპროგრამის თანადამფინანსებელია და 18 წლის ასაკის ზემოთ, დედაქალაქში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, დღის ცენტრებით მოსარგებლე ბენეფიციართა ვაუჩერის დარჩენილ 25%-ს აფინანსებს. დედაქალაქის მერიამ, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2015 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით, 200–მდე განაცხადი/პროექტი დააფინანსა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მას შშმ პირები, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

03 დეკემბერი 2018