დედაქალაქის მერმა საზოგადოებას საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა. საქმიანობის ანგარიში შვიდ ძირითად მიმართულებას - ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოს დაცვის, განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის, ასევე, მართვის პოლიტიკას მოიცავს.

კახა კალაძემ ანგარიშის პრეზენტაციისას, დედაქალაქში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა და ცენტრალურ ხელისუფლებას მერიის მიერ დაგეგმილი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქში მართვის პოლიტიკის მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი და რეფორმა განხორციელდა. კერძოდ, შეიქმნა ურბანული განვითარების სამსახური; განისაზღვრა სატრანსპორტო და გარემოს დაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სამსახურები - შეიქმნა „ეკოსერვის ჯგუფი“ და მოხდა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის რებრენდინგი; განხორციელდა ტაქსების რეფორმა; გამკაცრდა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები; გამკაცრდა სანქციები ცხოველთა სასტიკ მოპყრობაზე; სამართლებრივი მიმართულებით, მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა ელექტროძრავიანი მიკრო და დიდი ავტობუსების იმპორტისა და რეალიზაციის დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ; შეიქმნა სპეციალური პლატფორმა „შენი იდეა ქალაქის მერს“; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 1 256 პროექტი დაფინანსდა; დამტკიცდა 50-ზე მეტი სახეობის იმ ხე-მცენარეთა ჩამონათვალი, რომლებიც დედაქალაქში, სხვადასხვა ლოკაციებზე დაირგვება.

ურბანული პოლიტიკის მიმართულებით, ძველ თბილისში მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყო. ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით, 70 მილიონი ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ ლოკაციაზე ხორციელდება 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი. დასრულებულია კომუნიკაციების მოწესრიგება; გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით, 50 მილიონი ლარი დაიხარჯება, რომლის ფარგლებშიც, 20-მდე შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მოხდება.

თბილისში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 683 539 კვ.მ გზის საფარს, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 135 744 331 ლარი დაიხარჯა; გზების აღდგენა-რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები დასრულებულია 12 ქუჩაზე; მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რისთვისაც თბილისის ათივე რაიონში 3 401 571 ლარი დაიხარჯა; მიმდინარეობს მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ორდონიანი კვანძის, ასევე, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა; ხორციელდება ვარკეთილისა და მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების რეაბილიტაცია; დასრულდა, როგორც მდინარე ვერეზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ისე, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ასევე, გარემოს დაცვის პოლიტიკის მხრივ. კერძოდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 251 მისამართზე პარკებისა და სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 932 894 ლარი დაიხარჯა; მოეწყო ოთხი დიდი პარკი - გოძიაშვილის, გლდანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და წურწუმიას ქუჩებზე მდებარე პარკები; 349 მისამართზე სპორტული, საბავშვო-გასართობი მოედნები და ფიტნეს ზონები მოეწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 7 345 293 ლარი დაიხარჯა; მოსახლეობის სურვილის შესაბამისად, აღებულია 224 ავტოფარეხი; შემუშავდა მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომლის ფარგლებში, ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების განთავსება დაიწყო.

სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებისა და აღნიშნული პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქის მერიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. კერძოდ, არსებული ავტობუსების პარკი 2019 წლის ბოლოსთვის სრულად ჩანაცვლდება; უკვე შეძენილია დიზელზე მომუშავე ევრო 6, MAN-ის ფირმის 10-მეტრიანი 90 ახალი ავტობუსი; ასევე, დასრულდა 220 ერთეული დიზელისძრავიანი რვამეტრიანი ავტობუსის შესყიდვის სატენდერო პროცედურა; 2019 წლისთვის მზადდება ტენდერი 240 ერთეული CNG და ელექტროძრავზე მომუშავე რვა და 10-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად; ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში 750 ერთეული ავტობუსის შეძენა მოხდება, რომელიც არსებულ ძველ ავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებს და მათ რაოდენობას 200 ერთეულით გაზრდის; 2018-2021 წლებში თბილისის „მეტროპოლიტენს“ ჯამში, დაემატება 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი შემადგენლობა; განვითარდება დამოუკიდებელი მიწისზედა მეტროს ხაზი, რომელიც მეტროსადგურ „სამგორიდან“ აეროპორტის ჩათვლით, ლილოს ბაზრობამდე რვა ახალ სადგურს დააკავშირებს; ხორციელდება თბილისის მეტროს რუსთავთან დაკავშირების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

რაც შეეხება ამ მიმართულებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ სხვა სიახლეებს, ხელშეკრულება გაუქმდა კომპანია „სითი პარკთან“ და პარკირების მართვის სისტემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა; ამოქმედდა თბილისის პარკინგის მომსახურების სერვის ცენტრი; გამოიცვალა პარკინგის 9000 ნიშანი; დაიხაზა და კეთილმოეწყო 8 000 კვ.მ პარკირების ადგილი; ტაქსით მომსახურებაზე ნებართვის გაცემა დაიწყო; ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების მიზნით დაწესდა შეღავათები - ჰიბრიდული ავტომანქანის შემთხვევაში, ნებართვის მოსაკრებელი ნახევრდება, ხოლო ელექტროტრანსპორტის შემთხვევაში, სანებართვო მოსაკრებლისგან სრულად ათავისუფლებს; რეგისტრაციაგავლილი ტაქსებისთვის, უკვე გამოიყო სპეციალური, უფასო საპარკინგე ადგილები; ავტომანქანებზე გამოიყოფა სარეკლამო ადგილები; მძღოლებს უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობელი ნიშნები, ქიმწმენდისა და ღებვის ვაუჩერები.

განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ნიკოლოზ ბარათაშვილის, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმების აღდგენა, ასევე, ილია ჭავჭავაძის მემორიალურ-ლიტერატურული მუზეუმის სრული რეაბილიტაცია დასრულდა; დაიწყო სახელოვნებო სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მათი ახალი ინვენტარით, ინსტრუმენტებითა და უსაფრთხოების სისტემით აღჭურვა; გაიხსნა გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი, რომელიც 1 200-ზე მეტ ბენეფიციარზეა გათვლილი; დასრულდა ვარკეთილსა და დიდ დიღომში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროექტებზე მუშაობა; დაფინანსდა 85 საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროექტი, რომელშიც მონაწილეობა   30 000-მდე   სტუდენტმა და   ახალგაზრდამ მიიღო; დედაქალაქში თანამედროვე სტანდარტებისა და შშმ პირთათვის ადაპტირებული 11 საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა, ხოლო მასშტაბური სარემონტო სამუშაოები თბილისის 38 საბავშვო ბაგა-ბაღში ჩატარდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც გარკვეული ცვლილებები შეეხო, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკაა, რომლის ფარგლებშიც, 411 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონდა; თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2018 წელს ოპერაცია და მედიკამენტები 30 000 ადამიანს დაუფინანსა; თბილისის ათივე რაიონში სოციალური პროგრამებით 169 257 ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც 34 655 319 ლარი დაიხარჯა; სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების მიღებისთვის გამარტივდა შესაბამისი პროცედურა; გაფართოვდა „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამა და დაემატა სამი ახალი მაღალტექნოლოგიური მამოგრაფი; ტრანსპლანტაციის პროგრამას დაემატა ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი, რომელსაც მერია 60 000 ლარით აფინანსებს.

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი, რაც ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, 921 მილიონი ლარით განისაზღვრა, თუმცა სპეციალური ტრანსფერების შემდეგ, მილიარდ ლარს გადააჭარბებს; აქედან 35% - 327 მლნ ლარი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაიხარჯება, ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებულია 455 მლნ ლარი, ეკოლოგიისთვის - 88 მლნ ლარი, გამწვანებისთვის კი - 26 მლნ ლარი გამოიყოფა; მიმდინარეობს პროექტი - „თბილისური ბაზარი“, პროექტ „რადიოქალაქის“ განხორციელება კი, უახლოეს მომავალში იგეგმება; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ამოქმედდა ბიზნეს აქსელერატორი, რომლითაც მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი ხუთჯერ მცირდება; მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ღამის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით - ამოქმედდა „ღამის ავტობუსი“, ჩატარდა ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი, რომლის ფარგლებშიც, ასევე, ფესტივალი neWon გაიმართა.

თბილისის მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფაილის ჩამოტვირთვა

 

03 დეკემბერი 2018