თბილისის მერი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის წარმომადგენლობასა და თბილისის მერიას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას შეეხო.

დედაქალაქის მერმა ევროკავშირის ელჩს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით დედაქალაქის ხელმძღვანელობის გეგმები გააცნო. მხარეებმა ასევე, წამოწყებულ პროექტებში ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან მუნიციპალიტეტის დახმარების შესაძლებლობა განიხილეს

„გუშინ შესრულდა ერთი წელი, რაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შესრულებას შევუდექი. უახლოეს დღეებში ვგეგმავ, თბილისის მოსახლეობას ერთი წლის ანგარიში წარვუდგინო. ევროკავშირის ელჩს ჩვენ მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ვესაუბრე. შევეხე სამშენებლო და ტაქსების რეგულაციებს, ასევე, პროექტებს, რომელიც დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, ღამის ეკონომიკის განვითარებასა და ძველი თბილისის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომელსაც სატრანსპორტო და მწვანე პოლიტიკის ფარგლებში ვახორციელებთ. 2019 წლის ბოლოსთვის არსებული ყვითელი ავტობუსების პარკს ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩავანაცვლებთ. ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და მომდევნო წლების განმავლობაში, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვგეგმავთ. აღნიშნულ პროცესებში ევროპული გამოცდილების გაზიარება და ევროკავშირის ინსტიტუტების თანადგომა მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, დედაქალაქის მერიას პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

14 ნოემბერი 2018