კახა კალაძე ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე, მეტეხის ხიდზე, ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და საზეიმო პარაკლისს დაესწრო.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას, შეკრებილ საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ასი ათასი ქართველი მოწამე სამშობლოს სიყვარულის, თავგანწირვისა და ძლიერი ქართული ხასიათის ნათელი მაგალითია.

„დღეს არის დღე ჩვენი რწმენის სიმყარის, თავდადების, ერთგულების, თავდაუზოგავი ბრძოლის; დღეს არის დღე ჩვენი ხალხის გმირობის, სამშობლოს სიყვარულის, შეუდრეკელობის ნიშანსვეტი. ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ, თუ რა არის სამშობლოს სიყვარული; ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რა არის ეროვნული ფასეულობები, ეროვნული იდეა, პატრიოტიზმი. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართველების ყველაზე დიდი მტერი იყო შუღლი, ერთმანეთის უპატივცემულობა, უნდობლობა, ასი ათასი ქართველი მოწამე არის ნათელი მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, თავგანწირვის, მტკიცე სულის, ძლიერი ქართული ხასიათის. თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი ერი არასდროს გადაშენდება. ჩვენ გვაქვს ძლიერი სული, ძლიერი რწმენა. ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს და თითოეული ჩვენგანის მფარველი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სადღესასწაულო ღონისძიებაზე, რომლის ორგანიზატორი საპატრიარქოს ახალგაზრდული და ინტელექტუალური განვითარების ცენტრთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ იყო, წარადგინეს ფოლკლორული ნომრები, ასევე, ისტორიული ხასიათის თეატრალური დადგმა „ასი ათასი მოწამის დღე“.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორემ საზეიმო პარაკლისი აღავლინა. პარაკლისის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირებმა, მრევლთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მდინარეში ყვავილები ჩაუშვეს.

13 ნოემბერი 2018