დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2007 წლის 7 ნოემბერს, დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, 7 ნოემბერს, ფსევდოდემოკრატიის ფასადის რღვევა და მთელი ევროპის წინაშე რეჟიმის ნამდვილი სახის დემონსტრირება დაიწყო.

„დღეს 7 ნოემბერია - დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც მოსახლეობის სპონტანური, მრისხანე პროტესტის ნათელი მაგალითი   ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ; შესულია ისტორიაში, როგორც ხელისუფლებისგან სამარცხვინო ანგარიშსწორების მაგალითიც. ამ დღეს დაიწყო ფსევდოდემოკრატიის ფასადის რღვევა და რეჟიმის ნამდვილი სახის დემონსტრირება მთელი ევროპის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა, თავისი მედიის თუ ლობისტების საშუალებით, 7 ნოემბრის გამომწვევი მიზეზები, ტრაგიკული შედეგები და შემდგომი ანგარიშსწორება მაქსიმალურად შეეფუთა, დაწყებული პროცესი მაინც შეუქცევადი გახდა და ამ დღის თითოეული შემოქმედის დამსახურებაა, რომ რეჟიმის ჭეშმარიტი სახე უცხოეთშიც დაინახეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს, ქვეყანა ავტოკრატიულ თუ ნებისმიერი სხვა სახის რეჟიმში შეიყვანოს.

„7 ნოემბერი რეჟიმის დასასრულის დასაწყისი გახდა. პირველ რიგში, ამ ადამიანების წინაშე ვართ ვალდებული ჩვენ ყველანი, ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომ არასდროს დავუშვათ დემოკრატიის ფასადურობა, არასდროს დავუშვათ ქვეყნის შეყვანა ავტოკრატიულ თუ ნებისმიერი სხვა სახის რეჟიმში. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, რომ საზოგადოება დავყოთ პრივილეგირებულ ჯგუფებად - „იმისიანებად და ამისიანებად“. ეს არის ძალიან მძიმე და ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, თუ რა მოგვიტანა ქვეყანაში ამ მიდგომამ და დამოკიდებულებამ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე განმარტებით, საქართველოში ხალხი და მთავრობა ერთი მთლიანი ძალაა, რაც ქვეყნის განვითარების საწინდარია.

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ადამიანები მოვკვეთოთ საზოგადოებიდან, ჩავქოლოთ, გავრიყოთ და გვქონდეს ეს დამოკიდებულება. დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს არის სიმშვიდე, სტაბილურობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა. ჩვენ ეკონომიკურად ქვეყნის სწრაფი განვითარება გვჭირდება, რომ კეთილდღეობა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს. საქართველოში ხალხი და მთავრობა ერთი მთლიანი ძალაა და არა ერთმანეთის მოწინააღმდეგე ძალები. ესაა ქვეყნის განვითარების საწინდარი და ჩვენ ყველამ ერთად, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ თანამშრომლობისა და წინსვლისკენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე, აღინიშნა, რომ იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც წლების წინ ე.წ. ჩოგბურთის კორტები არსებობდა, ქალაქს დაუბრუნდება. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს, უცხოურ სამშენებლო კომპანიაზე, განაშენიანების მიზნით გაიყიდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულებრივი ურბანული პოლიტიკის ერთ-ერთ მორიგ მსხვერპლზე მინდა გიამბოთ. ეს არის მიწის ნაკვეთი იპოდრომის მიმდებარედ, საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის - ე.წ. ჩოგბურთის კორტების ტერიტორია. ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ზოგადად, ეს ადგილი ყოველთვის იყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც ბევრი თბილისელი დადიოდა. სამწუხაროდ, 2009 წელს ტერიტორია უცხოურ სამშენებლო კომპანიაზე გაიყიდა, რომელმაც აღნიშნული მიწა განაშენიანების მიზნით შეიძინა. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვითარების, წინსვლისა და მშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, თუმცა არსებობს ისეთი ადგილები, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არსებობს სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები, სკვერები, პარკები და სხვა ტერიტორიები, სადაც პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, რაიმე სახის მშენებლობების განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება, სადაც საჩოგბურთო მოედანი მოეწყობა. ასევე, შესაძლებელია სპორტული კომპლექსის მშენებლობაც.

„რთულია, რომ ამ ადგილს დღეს კორტები ვუწოდოთ, ისეთ მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ, ეს კონკრეტული ადგილი მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება. აქვე მინდა დაგავალოთ, რომ მომავალი წლისთვის პროექტის განხორციელება დაიწყოს, სადაც შესაძლებელია, როგორც საჩოგბურთო, ასევე, საფეხბურთო მოედანი მოეწყოს. მგონია, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივებისთვის და დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის. მოსახლეობის მხრიდან სერიოზული უკმაყოფილება იყო, თუმცა გადაწყვეტილება უკვე დადებითად არის მიღებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, თბილისის მასშტაბით არაერთი რეკრეაციული სივრცეა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, თუმცა მუნიციპალიტეტი ცდილობს, ეს ყველაფერი გამოასწოროს.

„ძალიან ბევრი დანაშაულია ურბანული კუთხით წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ ქალაქის სათავეში, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და სადაც გადარჩენის, შენარჩუნების თუ აღდგენის თეორიული შესაძლებლობა მაინც არსებობს, ეს მოვახერხოთ. არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავაზარალოთ ის ადამიანები, ვისაც მიწის ნაკვეთებში თანხა აქვს გადახდილი. მათ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ, ეს იქნება ადგილმონაცვლეობა, გამოსყიდვა თუ რა საშუალებაც არსებობს, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს და უკმაყოფილო არავინ დარჩეს. ჩემი თხოვნა იქნება, რომ წინა ხელისუფლებას არ დავემსგავსოთ. ყველაფერს მაქსიმალურად ვაკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ, რაც ძალიან რთულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გასულ კვირას, 220 ერთეული ახალი, 8-მეტრიანი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა, რომელიც უახლოს დღეებში დასრულდება.

„ახალი ავტობუსების შემოყვანა მომავალი წლიდან დაიწყება. ტენდერი უახლოეს დღეებში დასრულდება და გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. ასევე, 2019 წელს ვაპირებთ, 150 ერთეული, გაზზე მომუშავე ახალი ავტობუსის შემოყვანას, 90 ერთეული კი ელექტროავტობუსი იქნება. მომდევნო წლების განმავლობაში, დამატებით, ახალი ელექტროავტობუსების შემოყვანა ეტაპობრივად დაიწყება. ჩვენთვის პრიორიტეტულია სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის მთავარი გზავნილია - „მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნაკლები ავტომანქანა ქალაქში“. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში ეკოლოგიის, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება კი, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა, არის სხვა პრობლემებიც, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ და ძალიან მალე, ეკოლოგიურ მდგომარეობას რადიკალურად შევცვლით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წლის თებერვლიდან MAN-ის ფირმის ავტობუსების შემოყვანა დაიწყება.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. 90 ერთეული ავტობუსი უკვე წარმოებაშია და თებერვლიდან მათი შემოყვანა ეტაპობრივად დაიწყება. 2019 წლის ბოლოსთვის კი გვინდა, რომ ავტობუსების პარკი მთლიანად ჩავანაცვლოთ, რომელიც გაუმართავია და გადაადგილების დროს სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერი ცხელი ხაზის მუშაობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მოქალაქეთა ზარებზე დროულად და სრულფასოვნად რეაგირების მიზნით, თბილისის მერიის ცხელ ხაზს თანამშრომლები დაემატება. მისი თქმით, ცხელი ხაზის 42 ოპერატორის მეშვეობით გაწეული 24-საათიანი მომსახურების მიუხედავად, დღის განმავლობაში, 400-მდე ზარი რეაგირების გარეშე რჩება.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის ცხელ ხაზს დაემატება და გადამზადდება იმდენი თანამშრომელი, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ მოქალაქეების არცერთი ზარი უპასუხოდ არ დარჩეს.

„მერიის ცხელი ხაზი საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურებაა, რომლის ფარგლებშიც, დღის განმავლობაში, 42 ოპერატორის საშუალებით, დაახლოებით, 2500 ზარი ხორციელდება. მომსახურება 24-საათიანია. ცხელი ხაზი კვირის ყველა დღეს მუშაობს, თუმცა პირადად მე, მისი მუშაობის შესახებ ბევრი ადამიანისგან უკმაყოფილება მსმენია. ამიტომ, ვავალებ ირაკლი ხმალაძეს, რეფორმა რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. თუ დასამატებელია, დაამატეთ თანამშრომლები და დაატრენინგეთ, კვალიფიკაცია აუმაღლეთ, რომ არცერთი ზარი არ დარჩეს პასუხგაუცემელი. დღეის მდგომარეობით, რეაგირების გარეშე 400-მდე ზარი რჩება. ეს მიდგომა და დამოკიდებულება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ეს საკითხი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე მოქალაქეთა სერვისცენტრების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებსაც შეეხო.

„გარდა ამისა, საჭიროა მოქალაქეთა სერვისცენტრების გაუმჯობესება, მოწესრიგება და რეაბილიტაცია. ამჟამად, დაწყებულია მუშაობა პროექტირებაზე და მომავალი წლიდან დავიწყებთ სერვისცენტრების სრულ რეაბილიტაციას იმისთვის, რომ არ იყოს რიგები სერვისცენტრებში და არც ცხელ ხაზზე. ეს ის მინიმალური კომფორტია, რომელიც მოქალქეებს უნდა შევუქმნათ. ამის მოლოდინი და იმედი აქვს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

თბილისის მერმა წინასაახალწლო ღონისძიებების სამზადისზეც ისაუბრა. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ კი, დედაქალაქის მერს საახალწლო ილუმინაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, თუ რომელ რაიონებში დაიწყო მონტაჟი და რა ეტაპზეა აღნიშნული სამუშაოები.

„გუშინ დავიწყეთ, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ნაძალადევის რაიონიდან. მთელი თბილისის მასშტაბით, აღნიშნული ღონისძიებები დაახლოებით, თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება. ვფიქრობთ, რომ როგორც ძველ, ასევე, ახალ ილუმინაციებს გამოვიყენებთ და ახალი წლის დღეებში დედაქალაქი ძალიან ლამაზი იქნება. ილუმინაციების მონტაჟს დაახლოებით, 14-15 დეკემბერს დავასრულებთ“, - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.

დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თბილისში ნამდვილი საახალწლო განწყობა შეიქმნას.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დედაქალაქი ულამაზესი იყოს და ნამდვილი საახალწლო განწყობა შევქმნათ. ჩვენი მოქალაქეებისთვის, შვილებისთვის სასიამოვნო გარემო იქნება. დანარჩენის შესახებ, თუ რა ღონისძიებები გაიმართება და რომელ ლოკაციებზე, მოსახლეობას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

ბოლო საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა, ქუჩის მუსიკის ფესტივალი და ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმია, რომელიც დედაქალაქში გაიმართება. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, ასევე, თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, 150-მდე ქართველი მუსიკოსი 10 ნოემბერს, აღმაშენებლის გამზირზე, პუშკინის სკვერსა და დედაენის ბაღში დაუკრავს.

„ქუჩის მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, მუსიკოსები თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, 15:00-დან 22:00 საათამდე, ერთდროულად დაუკრავენ და საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელთაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება უნდა მივცეთ. ამ მიმართულებით, თბილისის მერიის მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, თბილისში ასევე, ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქს ღამის მერები და ურბანული განვითარების, კულტურის მენეჯმენტის შესაბამისი ექსპერტები ეწვევიან. წელს, აღნიშნულ ღონისძიებას ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

„პარალელურად, კლუბები, საკონცერტო დარბაზები და რესტორნები ფორუმის დღეებში ერთვებიან. აღნიშნული ღონისძიება ჩვენს დედაქალაქში 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. გვინდა, რომ საუკეთესო ქვეყნების მაგალითები გადმოვიტანოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ღამის ეკონომიკის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

07 ნოემბერი 2018