თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მიწისზედა მეტროს განვითარებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, ტენდერი ნოემბრის ბოლოსთვის გამოცხადდება. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, მიწისზედა მეტროთი ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 000 მგზავრი ისარგებლებს.

„გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრთან ერთად, წარმოგიდგინეთ ახალი მიწისზედა მეტროს პროექტი, რომელიც სამგორიდან ლილოს მიმართულებით ამოქმედდება. პროექტი მეტროსადგურ „სამგორიდან“ ლილოს ბაზრობამდე სრულიად ახალი, დამოუკიდებელი, მიწისზედა ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. სამგორის მეტროსადგურთან, მიწისზედა არეალში მოეწყობა სრულიად ახალი მეტროსადგური, რომელიც აქამდე მოქმედ სადგურს დაუკავშირდება და ერთგვარი გადასაჯდომი სადგური იქნება. აღნიშნული სადგურის გარდა, ახალ ხაზზე მოეწყობა კიდევ შვიდი მეტროსადგური. დღის განმავლობაში, ამ ხაზზე ელექტროტრანსპორტის ექვსი მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს. დროთა განმავლობაში შემადგენლობებს დავამატებთ. პირველ ეტაპზე, მოცდის დრო დაახლოებით, 10 წუთი იქნება. წლების შემდეგ, მატარებლებს რომ დავამატებთ, მოცდის დროს შევამცირებთ. ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 000 მგზავრი შეძლებს გადაადგილებას. გარდა ამისა, შეამცირებს ამავე მიმართულებით მოძრავი კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელს, საცობს და ჰაერის დაბინძურების დონეს, რაც ქალაქში სერიოზული პრობლემაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიწისზედა მეტროს განვითარების საპროექტო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში დასრულდება, რომლის შემდეგაც, სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდება.

„დაახლოებით, ნოემბრის ბოლოსთვის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, ტენდერი გამოცხადდება. მგონია, რომ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება და ასევე, მათთვის, ვინც აღნიშნული მარშრუტით ყოველდღიურად გადაადგილდება. ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიებს, ასევე, კომპანიებს, რომელთაც მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვთ. ჩვენი გეგმით, საპროექტო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში დასრულდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერს გამოვაცხადებთ. მშენებლობას დაახლოებით, ორი-სამი წელი დასჭირდება. დასრულებული სადგურები კი, ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, კიდევ ერთი პროექტი, რომელიც თბილისსა და რუსთავის დამაკავშირებელ მიწისზედა მეტროს განვითარებას გულისხმობს, მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდება, რაც შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება.

„მეორე ეტაპზე, განხორციელდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიწისზედა მეტროს მიმართულებით, რომ თბილისი-რუსთავი ერთმანეთს დავაკავშიროთ. რამდენად შესაძლებელი იქნება პროექტის განხორციელება, არის თუ არა რაიმე სირთულე, პრობლემა, ყველაფერი გვეცოდინება. კვლევის შედეგად მიღებული ანალიზით, შესაძლებელი იქნება, ვიფიქროთ სამომავლოდ ამ პროექტის განხორციელებაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, მხარდასაჭერად პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

„ძალიან ბევრს ვსაუბროთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მის გამოსასწორებლად. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ჰაერის მტვრით დაბინძურება, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს თბილისში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობების, სამშენებლო მოედნების, ამტვერებადი მასალების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვის, განთავსების, დამუშავებისა და რეალიზაციისთვის სპეციფიკური რეგულაციების არარსებობა წარმოადგენს. ეს დღეს სერიოზული პრობლემაა. შესაბამის ჯგუფს დავალებული ჰქონდა, კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები განეხორციელებინა. საკანონმდებლო პაკეტი უკვე მომზადებულია, რომელსაც უახლოეს მომავალში, პარლამენტს გადავცემთ და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა იქნება, რომ ეს ცვლილებები განვახორციელოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების ჰაერში მოხვედრის თავიდან აცილებაა.

რაც შეეხება თავად კანონპროექტს, თბილისის მერის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სანქციების ამოქმედებას შემდეგი მიმართულებით: მშენებლობის პროცესში ამტვერებისგან დამცავი ბადეების განუთავსებლობისთვის; მშენებლობის პროცესში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისთვის; ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვისთვის; განთავსებისას, ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრისთვის; ამტვერებადი მასალის გადაუხურავ სივრცეში განთავსებისა და რეალიზაციისთვის.

„ეს ის მიმართულებებია, რომელზეც სანქციები გამკაცრდება. დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ამ კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება. რა თქმა უნდა, ქალაქში მხოლოდ ეს არ არის პრობლემა. ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაზეც ვთქვით, რომ 2019 წლის ბოლოსთვის ავტობუსების სრულიად ახალი პარკი გვექნება. ასევე, ვსაუბრობთ მეტროს განახლებასა და მოწესრიგებაზე, სადგურების სრულ რეაბილიტაციაზე და მიწისზედა მეტროს პროექტზე. რა თქმა უნდა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც, რომელიც მთლიანობაში, შედეგს მოგვცემს. იგეგმება საქალაქო პარკების მშენებლობა-რეაბილიტაცია და მათი მოვლა-პატრონობაც“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საგზაო სამუშაოები ფუნდამენტურად უნდა განხორციელდეს.

„თუ გვინდა, რომ წლების განმავლობაში, კონკრეტულ ადგილებს არ შევეხოთ, რა თქმა უნდა, სამუშაოების შესრულება ფუნდამენტურად უნდა მოხდეს. მხედველობაში მაქვს კომუნიკაციების მოწესრიგება, მათ შორის, მიწისზედა სადენების, რომელიც მიწის ქვეშ განთავსდება. ყველა პროექტზე ერთნაირი მიდგომა გვაქვს, რომ უნდა მოვაწესრიგოთ სანიაღვრეები, წყალარინების სისტემა - ყველაფერი, რაც გასაკეთებელია, რომ ისე არ დაგვემართოს, ახალი გზა გადავაგოთ და შემდეგ, რამდენიმე კვირაში დაზიანებების გამო გადათხრა მოგვიწიოს. ამას დრო სჭირდება, რის გამოც ქალაქში გარკვეული შეფერხებები იყო, თუმცა ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს ყველაფერი თბილისისთვის და მისი მოსახლეობისთვის კეთდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 20 დღის ვადაში ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდება. ამ მიზნით, სამუშაოების პირველ ეტაპზე, 10 დღის განმავლობაში, ამირეჯიბის გზატკეცილიდან ტეხურას ქუჩის კვეთამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩაიკეტება.

„საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. მხედველობაში მაქვს სანიაღვრე ქსელის მოწყობა, წყალარინების სისტემის მოწესრიგება, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას ქმნიდა. სამუშაოების ფარგლებში, რა თქმა უნდა, მოწესრიგდება გზის საფარი. ასევე, რა რესურსიც გამოვნახეთ, დამატებითი საპარკინგე ადგილები შევქმენით და არსებულ საპარკინგე სივრცესაც მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მოსახლეობას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში, დედაქალაქში კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ იმ სოციალურ კამპანიაზეც ისაუბრა, რომელსაც თბილისის მერია უახლოეს მომავალში დაიწყებს. კამპანიის - „გაუფრთხილდი ქალაქს“ მიზანი ცნობიერების ამაღლება, სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებაა. კამპანიის ფარგლებში, არაერთი პროექტი განხორციელდება და მათში მოქალაქეების ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება.

„ხშირია განახლებული სკვერების, მოწესრიგებული ქუჩების მიზანმიმართული დაზიანების შემთხვევები. ბევრი ასეთი ვანდალური ფაქტია, რომლის ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს და მათ აუცილებლად მივაწვდით მოსახლეობას. ვიწყებთ სოციალურ კამპანიას -„გაუფრთხილდი ქალაქს,“ რომელიც ცნობიერების, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებასა და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებას ისახავს მიზნად. კამპანია ყველა მოქალაქეს საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად ჩაერთოს ქალაქის მოვლა-პატრონობის პროცესში, გაუფრთხილდეს არსებულ ინფრასტრუქტურას, მწვანე საფარს, იზრუნოს სისუფთავეზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტში ბევრი ადამიანი ჩაერთვება, ბევრი მხარდამჭერი ეყოლება, რადგან, რასაც ვაკეთებთ, ყველა ჩვენგანის, ჩვენი ქალაქის საკუთრებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საუბრის დასასრულს, თბილისის ზოოპარკის ბინადარი სპილო გრანდის ეშვის ამოღების ოპერაციაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ პროცედურა წარმატებით ჩაივლის.

„სპილო გრანდს, რომელიც თბილისის ზოოპარკმა ერევნის ზოოპარკიდან 2014 წელს ჩამოიყვანა, ეშვის ამოღების ოპერაცია უტარდება. ეს საკმაოდ რთული ოპერაციაა და დიდ რისკთან არის დაკავშირებული. მას ოპერაციას სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსული ვეტექიმები უტარებენ. საგულისხმოა, რომ პროცესს დოკუმენტური ფილმისთვის BBC იღებს. ვიმედოვნებთ, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდება. მინდა, წარმატებები ვუსურვო ვეტექიმებსაც“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

31 ოქტომბერი 2018