ილია ელოშვილი ცინცაძის ქუჩის N85-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი სულხან ცინცაძის ქუჩის N85-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რასაც ადგილობრივები აპროტესტებენ.

შეხვედრაზე მოსახლეობამ მათ მიერ დაკვეთილი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა უსაფრთხო არ არის.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ფერდობი, სადაც კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი, არამდგრადია და სამშენებლო სამუშაოები მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და სკოლისთვის საფრთხის შემცველია.

მერის მოადგილე ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და განაცხადა, რომ კორპუსის მშენებლობა იმ დრომდე არ დაიწყება, ვიდრე მერია უსაფრთხოების ნორმებში არ დარწმუნდება.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი. მოსახლეობას გარკვეული შიშები აქვს, რომ შესაძლოა, ეს მშენებლობა გეოლოგიური თვალსაზრისით არ იყოს მართებული და საფრთხეს შეიცავდეს. მოსახლეობას ვთხოვეთ, მესამე, დამოუკიდებელი მხარე ჩაერთოთ პროცესში. პირველმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად სახიფათო მონაკვეთია, რომელიც შესაძლოა, მშენებლობის პერიოდში საფრთხის გამომწვევი იყოს არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ სკოლისთვისაც. შესამამისად, დამატებითი კვლევებისა და გარანტიების გარეშე ვერანაირ მშენებლობა ვერ განხორციელდება. მერიის იურიდიულ სამსახურში ჩაინიშნება განხილვა, სადაც ორივე მხარე დასკვნებს წარმოადგენს და გადაწყვეტილებაც ამის საფუძველზე მიიღება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

შეხვედრას საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე და რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ესწრებოდნენ.

26 ოქტომბერი 2018