ახლადრეაბილიტირებულ ბარათაშვილის აღმართზე LED განათების ქსელი მოეწყო

ახლადრეაბილიტირებულ ბარათაშვილის აღმართზე LED განათების ქსელი მოეწყო. ქუჩა სიმბოლურად თბილისის მერმა კახა კალაძემ გაანათა.

მისი თქმით, ბარათაშვილის აღმართზე ჩატარებული სამუშაოები ხარისხიანად არის შესრულებული.

„ყველგან სადაც მსგავს პროექტებს ვახორციელებთ, გვინდა, რომ ყველაფერი ძირფესვიანად გაკეთდეს და არა ზედაპირულად. ეს არის სანიმუშო პროექტი და გვსურს, რომ ყველა ქუჩაზე, ყველა რაიონში სარეაბილტაციო სამუშაოები სწორედ ამ ფორმით ჩატარდეს. აქ მთლიანად შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგებულია გარე განათების ბოძები, მოწყობილია სპეციალური ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. გარდა ამისა, სწორედ ისე აღვადგინეთ საფეხმავლო ბილიკის განათება, როგორც ისტორიულად იყო, წლების წინ. ასეთი ქუჩები სჭირდება ჩვენ ქალაქს. სწორედ დეტალებში იგრძნობა თბილისის განსხვავებულობა, ის, რის გამოც მოსწონთ ჩვენი ქალაქი როგორც ადგილობრივებს, ისე სტუმრებს. ყველა შეყვარებულია თბილისზე, ვინც ეცნობა ჩვენს ტრადიციებს, ქართველი ხალხის სტუმარ-მასპინძლობას და ამ ყველაფერს გაფრთხილება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. გპირდებით, რომ თქვენთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, რომ თბილისი აუცილებლად იყოს ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, სუფთა და მიმზიდველი ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში "თბილსერვის ჯგუფმა" ახალი დიზაინის 27 ერთეული გარე განათების ბოძი და ენერგოეფექტური LED სანათები დაამონტაჟა. გარდა ამისა, გარე   განათების საკაბელო-საჰაერო   ქსელი   მიწისქვეშ   განთავსდა. აღნიშნული სანათები ელექტროენერგიის 60-70%-ით დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.

ბარათაშვილის აღმართის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 24 ივლისიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა სანიაღვრე ქსელი, მოეწყო სადრენაჟო სისტემა, ბაზალტის ბორდიური და ტროტუარი, ასევე, დამონტაჟდა ახალი მოაჯირები. სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბლექ სი გრუპი“ ასრულებდა და მის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 551 869 ლარი დაიხარჯა.

შესრულებულ სამუშაოებს, დედაქალაქის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი გაეცნენ.

25 ოქტომბერი 2018