ბარათაშვილის აღმართის საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა კი დროებით იცვლება

მიმდინარე წლის 28 სექტემბრის 21:00 საათიდან 30 სექტემბრის 09:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

აღნიშნულ პერიოდში, სარეაბილიტაციო არეალში, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება დასრულდება და სავალი ნაწილი 30 სექტემბრისთვის გაიხსნება, დარჩენილი სამუშაოები მხოლოდ ტროტუარზე იწარმოებს, რაც ხელს არ შეუშლის ავტომანქანების გადაადგილებას.

გარდა საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვისა, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები:

N37 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მეტროსადგურ „ისნამდე“ როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით, იმოძრავებს ნავთლუღის, გულუასა და გორგასლის ქუჩების გავლით.

ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრავი სხვა ავტობუსების ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ავლაბარი“ განისაზღვრა, ხოლო მიკროავტობუსები - ბარათაშვილის ქუჩიდან ჯერ გორგასლის ქუჩაზე ჩაუხვევენ, შემდეგ 300 არაგველის ხიდის მეშვეობით დაუკავშირდებიან იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 24 ივლისიდან დაიწყო. პროექტი სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობას, ასევე, ახალი მოაჯირებისა და დეკორატიული სანათების მონტაჟს ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბლექ სი გრუპი“ ასრულებს და მის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

 

28 სექტემბერი 2018