თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომელთა შორის ინფრასტრუქტურული პროექტები, რეკრეაციული სივრცეების შექმნა და ტაქსების ლიცენზირების საკითხები შედის.

თბილისის მერი იმ კითხვებს გამოეხმაურა, რომელიც ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული კონკურსის გარშემო არსებობს და აღნიშნა, რომ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის კონკურსი გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

„დედაქალაქში არსებული პარკების მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. აღნიშნული კონკურსის გამოცხადებას ძალიან ბევრი კითხვა მოჰყვა, რომ თითქოს, რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული. მინდა ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვუთხრა, რომ კონკურსი აბსოლუტურად გამჭვირვალედ, კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და ყველაფერი საჯაროა. საუბარი იყო იმაზეც, რომ თითქოს, სამი თვე არ არის ის დრო, როდესაც პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი, რაშიც ვერ დავეთანხმები. თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიას ამის შესაძლებლობა არ აქვს, ეს მათი უფლებაა. როდესაც ხარჯთაკვლევა მოვამზადეთ, ცხრა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და დასტური მოგვაწოდა, რომ სამი თვის განმავლობაში პროექტის განხორციელება შესაძლებელია. ყველა ინფორმაცია, მიმოწერა გვაქვს და ესეც შეგვიძლია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ პირს. ერთ-ერთი მათგანი - ირაკლი ჟვანია, ვისაც ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდა, გუშინ, მაია ბითაძეს შეხვდა. ამის შემდეგ, მან სოციალური ქსელის მეშვეობით განმარტებაც გააკეთა, რომ მისი ეჭვები გაქარწყლებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში დედაქალაქის მერიის ყველა პროექტის ირგვლივ ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება.

„ეს ძალიან უცნაურია. მესმის, რომ ვიღაცას არ მოსწონს კახა კალაძე, „ქართული ოცნება“, ქალაქის მთავრობა, მაგრამ არსებობს თბილისის, ქალაქის სიყვარული და მგონი პირიქით, ქალაქის მცხოვრებლები გახარებული უნდა იყვნენ, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება. ოპონენტებს გამოჰყავთ ე.წ. ექსპერტები, რომელთაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნიათ და ვაკის პარკზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრობენ. ერთადერთი, რითაც თავი დაგვამახსოვრეს, იყო ის, რომ წითელ ბაღში ოთხი ძირი ხე დარგეს და ისიც გახმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, ვაკის პარკის რეაბილიტაცია სხვადასხვა დასასვენებელი და გასართობი სივრცეების შექმნას, სავარჯიშო მოედნების მოწყობას გულისხმობს. სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება არსებული საპარკე ავეჯი და განათება მოეწყობა. გარდა ამისა, ვაკის პარკში შენარჩუნებული იქნება სამაგიდო სივრცეები თამაშებისთვის და სრულად განახლდება შადრევანი და ამფითეატრი.

„ვაკის პარკის რეაბილიტაცია მომდევნო წელს განხორციელდება, მას შემდეგ, რაც პროექტი გვექნება და ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. დედაქალაქში მოვაწესრიგებთ ყველა პარკს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. უნდა ვიზრუნოთ ასეთი სივრცეების შექმნაზე. ვიცი, რომ გამგეობები თავიანთ რაიონებში სკვერების მოწყობის თვალსაზრისით, ბევრ და მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ. დღეს ქალაქს ძალიან ბევრი მწვანე სივრცე სჭირდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ კერძო მესაკუთრეები დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიას სამშენებლო მიზნით ვერ გამოიყენებენ, რადგან ტერიტორია წარმოადგენს რეკრეაციულ ზონას, რომელზეც ყოველგვარი მშენებლობა დაუშვებელია.

მისი თქმით, დედაქალაქის მერია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისთვის, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები ქალაქს დაუბრუნდეს და მომავალში იქ საუკეთესო დასასვენებელი სივრცე მოეწყოს.

„დიღმის ტყე-პარკს თბილისისთვის სასიცოცხლო დატვირთვა აქვს. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ პარკში არსებული ტერიტორიების დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია. ტყე-პარკში, დაახლოებით, 47 მიწის ნაკვეთია გასხვისებული. ეს არის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა და მინდა აქედანვე გავაფრთხილო ყველა, რომ იქ რაიმე სახის მშენებლობა წარმოუდგენელია. ერთადერთი მხარე, ვინც დაინტერესებულია, რომ ეს ადგილები დაიბრუნოს, გამოისყიდოს და ადგილმონაცვლეობა გააკეთოს, დედაქალაქის მერიაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა იმ მოქალაქეებს, ვინც დიღმის ტყე-პარკში მიწის ნაკვეთებს ფლობენ, ქალაქის მერიასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„ამ ადამიანებს ტყე-პარკის ტერიტორიაზე რაიმე პროექტის განხორციელების შესაძლებლობა არასდროს მიეცემათ, რადგან ეს ტერიტორია ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მწვანე სივრცეა“, - განაცხადა თბილისის მერმა.  

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, იმ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართოს, რომელიც ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

„ქალაქში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩა უკვე პირველი აგვისტოდან გადათხრილი და მიტოვებულია. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასეთი კომპანიები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში საერთოდ არ უნდა მონაწილეობდნენ. მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები დაიბაროს და შესაბამისი პასუხი მოეთხოვოს, რადგან ეს დამოკიდებულება თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების შეჩერების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებსა და საჯარო სკოლის მოსწავლეებს, გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.

„ფიზიკურად შეუძლებელია გადაადგილება. იქვე არის სკოლა, სწავლა დაწყებულია და ბავშვებისთვის გადაადგილების ძალიან დიდი საფრთხე არსებობს. დაიბარეთ კომპანიის წარმომადგენლები, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაამთავრონ ეს პროექტი“, - მიმართა თბილისის მერმა ირაკლი ბენდელიანს.

კახა კალაძე ასევე, კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების დროს, ინტერნეტის ქსელის დაზიანების ფაქტსაც გამოეხმაურა და მიწისქვეშა კომუნიკაციების რუკის შედგენის ინიციატივით გამოვიდა.

„კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების დროს, შეიქმნა პრობლემა - დააზიანეს ინტერნეტის ხაზი და ნახევარი დღის განმავლობაში, სახელმწიფო უწყებებს ინტერნეტი არ მიეწოდებოდათ. ესეც კატეგორიულად მიუღებელია, რადგან არ არსებობს მიწისქვეშა თბილისის არანაირი გეგმა. საჭიროა, დაიბაროთ ყველა ის კომპანია, ვისაც მიწისქვეშ კომუნიკაციები აქვს, რათა გაკეთდეს მიწისქვეშა ქსელების რუკა და კონტრაქტორმა, ვინც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მუშაობს, იცოდეს, თუ როგორ წარმართოს ეს სამუშაოები. ამ გეგმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმეს ყველას გაუადვილებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და გზების რეაბილიტაციაზეა საუბარი, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული შეცვლაც იგულისხმება. მიწისქვეშა კომუნიკაციების რუკის შედგენაზე მუშაობა კი, დაუყოვნებლივ დაიწყება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ყველა საკომუნიკაციო კომპანიასთან, სამწუხაროდ, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ლოკაციაზე, კონკრეტულ მესაკუთრეს არ აქვს ინფორმაცია თავისი ქსელის არსებობის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ დაუყოვნებლივ, დღეიდანვე დავიწყებთ ამ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში მოვახდენთ ქსელების სრულ აღწერას. აღნიშნული პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარებული იქნება“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

კახა კალაძე ტაქსების ლიცენზირების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პირველი ოქტომბრიდან, ლიცენზიის გარეშე ტაქსის მომსახურების შემთხვევებზე მერიას მკაცრი რეაგირება ექნება.

„როგორც იცით, პირველი ოქტომბრიდან აღნიშნული სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელია. მინდა, ყველა თავიდანვე გავაფრთხილო, რომ ვისაც ნებართვა არ ექნება, ძალიან მკაცრი მიდგომები იქნება - ჯარიმა 200 ლარს შედგენს. ნებართვის ერთი წლის საფასური ჩვეულებრივი, შიგაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი იქნება, ჰიბრიდებისთვის - 50 ლარი, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის - უფასო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა იმ პრივილეგიებზეც ისაუბრა, რომელსაც ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები მიიღებენ. ასევე აღინიშნა, რომ ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან შევა ძალაში.

„ქალაქში მათთვის გამოიყოფა სპეციალური, უფასო ადგილები პარკირებისთვის. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე გამოყოფილი ექნებათ კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსება და რა თქმა უნდა, იქიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ამასთან, ტაქსის მანათობელი, რომელსაც თბილისის მერია დაამზადებს, მათ უფასოდ გადაეცემათ. ცხადია, დაზიანების ან გატეხვის შემთხვევაში, მათ ამის ყიდვა მოუწევთ. მინდა, ასევე გითხრათ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. ეს უკვე მეორე ეტაპია. აქ საუბარია ფერზე. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ფერი იყოს, რაც 2019 წლის ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება. ასევე, 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ამ სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერიამ „თბილისობა 2018“-სთვის ის ადგილებიც შეარჩია, სადაც გარევაჭრობა ნებადართული იქნება.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარი პროდუქცია ამ სივრცეში წარმოადგინოს. მათ ექნებათ შესაძლებლობა, აღნიშნულ ტერიტორიებზე შევიდნენ და თავიანთი პროდუქცია გაყიდონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული ლოკაციებია:

  • ჩუღურეთში - ხეთაგუროვის სკვერიდან ბარათაშვილის ხიდამდე ტერიტორია;
  • სამგორში - ვიქტორ კუპრაძის ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრობის ტერიტორია;
  • გლდანში - ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას შორის არსებული სივრცე;
  • დიდუბეში - სტანისლავსკის ქუჩაზე, „დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია, ასევე, დიღმის მასივში, პაიჭაძის ქუჩა N1-ში, სკვერის მიმდებარე ტერიტორია.
  • საბურთალოზე - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია;
  • ვაკეში - გეგეშიძის ბაღი.
26 სექტემბერი 2018