თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის გარდა, 21 აგვისტოდან, თბილისის იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი. კახა კალაძემ მძღოლებს ნებართვის მიღების პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდა, ხოლო იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველი ოქტომბრიდან ტაქსით მომსახურება უკვე ლიცენზირებული საქმიანობაა. ამ ეტაპისთვის, უკვე 200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. ამ მიმართულებით, სიახლე გვაქვს. გვქონდა კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროსთან და 21 აგვისტოდან, ნებართვის აღება ასევე, თბილისის იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი. მინდა, თეა წულუკიანს თანადგომისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება ასევე, თბილისის ათივე გამგეობაში არის შესაძლებელი.

„პირველი ოქტომბრიდან, ვისაც ლიცენზია არ ექნება, შეუძლებელია, მან ეს სერვისი განახორციელოს. ამიტომ, იაქტიურეთ, რეგისტრაციის დრო ჯერ კიდევ არის“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ შარტავას ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. რეაბილიტაციის ფარგლებში, შარტავას ქუჩა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

„დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მასშტაბური პროექტები ხორციელდება. დავიწყეთ შარტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე იგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, გზის ორივე მხარეს მოწესრიგდება ტროტუარი, ასევე, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. გარდა ამისა, მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული მიწისქვეშა გადასასვლელები, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია. საპროექტო გზის მთელ სიგრძეზე კი, მოეწყობა ველობილიკი, რომელიც დაუკავშირდება და შეუერთდება კოსტავას ქუჩას, პეკინის გამზირს და ერთი მთლიანი წრე შეიკვრება. შეიცვლება განათების ბოძები, დამონტაჟდება ახალი, LED-განათებები და სადენები მიწისქვეშ განთავსდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებზე 800 000 ლარს დახარჯავს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე სასტუმროს მშენებლობის საკითხზეც ისაუბრა, რომლის ნებართვაც დედაქალაქის მერიამ უკვე გააუქმა. თბილისის მერმა შესაბამისი ფოტომასალა წარმოადგინა, რომელზეც აღნიშნულია, თუ რა მჭიდრო დასახლებაში უნდა აშენებულიყო სასტუმრო და განაცხადა, რომ ამან ადგილობრივი მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

„დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე, მე-12-13-15 კორპუსების მიმდებარედ, შუა ნაწილში, მჭიდრო და შეზღუდულ ტერიტორიაზე, ოთხსართულიანი სასტუმრო უნდა აშენებულიყო. სამწუხაროა, რომ ეს ნებართვა ჩვენს მიერ გაიცა, რომელიც არ უნდა გაცემულიყო. მაშინ ახალი მოსული ვიყავით და მუშაობა ახალი დაწყებული გვქონდა. ჩვენ ამ შენიშვნას ვიღებთ და ამ ეტაპზე, ნებართვა გაუქმებულია. მოლაპარაკება გვქონდა კერძო მესაკუთრესთან, ვისიც იყო ეს კონკრეტული ტერიტორია. შევთანხმდით, რომ ადგილმონაცვლეობას გავაკეთებთ. მინდა, მას თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან ამ კონკრეტულ ადგილზე პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო, მითუმეტეს, სასტუმროს აშენება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დიდუბის რაიონის გამგებელს, ირმა ზავრადაშვილს დაავალა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერი მოეწყოს.

„მინდა, ირმა ზავრადაშვილს დავავალო, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე მცხოვრებ ადამიანებს მწვანე სივრცე, ძალიან ლამაზი სკვერი მოვუწყოთ. თუ ჩვენი დახმარებაც იქნება საჭირო, მზად ვართ, პროცესში მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის დავალებით, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა ქუჩებზე არსებული მდგომარეობა მოწესრიგდა. შესაბამისი სამუშაოები თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეასრულა.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიებზე, ტროტუარებზე საშენი მასალები და საბურავები იყო გამოტანილი, რაც, როგორც ფეხით მოსიარულეების, ასევე ავტომანქანების გადაადგილებას აფერხებდა.

„ზედამხედველობის სამსახურს დავალებული ჰქონდა, რომ დიდუბის რაიონში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოშარაულის, აგლაძის, გიორგაძის ქუჩებზე არსებული მდგომარეობა მოეწესრიგებინა. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა - ტროტუარებზე საშენი მასალები და საბურავები იყო გამოტანილი. შეუძლებელი იყო ფეხით გადაადგილება და ასევე, მოძრაობის შეფერხების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ადამიანები ტროტუარის ნაცვლად, გზის სავალ ნაწილზე გადმოდიოდნენ და ავტომანქანების გადაადგილების შეფერხება და ავარიებიც ხდებოდა. ჩემი დავალების შედეგად, ყველა ეს ტერიტორია მოწესრიგდა. დღეს, ტროტუარები არის აბსოლუტურად გასუფთავებული. გვაქვს შესაბამისი ფოტომასალაც, თუ რა მდგომარეობა იყო აღნიშნულ ქუჩებზე და ახლა როგორ გამოიყურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ თბილისის სხვა უბნებში, სადაც მსგავსი პრობლემები არსებობს, იგივე ღონისძიებები გატარდეს.

„მინდა ირაკლი ხმალაძეს დავავალო, ზედამხედველობის სამსახურს კოორდინაცია გაუწიოს, რომ სხვა რაიონებშიც, სადაც ასეთი ადგილები გვაქვს, იგივე ღონისძიებები გატარდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ კონკრეტულ ქუჩებზე ფეხით გადაადგილება შეუძლებელი იყო. ეს იერსახესაც სერიოზულ პრობლემას უქმნის. სად გაგიგიათ, ქალაქის ცენტრში, ქუჩებზე საშენი მასალები იყოს გამოტანილი და ღიად ეყაროს?! ამიტომაც, მინდა მსგავსი სამუშაოები ყველა რაიონში გაატაროთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ალექსანდრე ტოგონიძის კანდიდატურა წარადგინა. თბილისის მერმა სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, რუსუდან მირზიკაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ურბანული განვითარების სამსახურში შიდა გადაადგილება განვახორციელეთ. მინდა, რუსუდან მირზიკაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადო. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სამსახური თავიდან შევქმენით, რომელსაც სათავეში რუსუდან მირზიკაშვილი ედგა. დღეს ეს სამსახური უკვე გამართულად მუშაობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რუსუდან მირზიკაშვილი ქალაქში შერჩეული კონკრეტული არეალების ჩარჩო გეგმების შემუშავების პროცესს უხელმძღვანელებს. ასევე, იმუშავებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე.

„რუსუდან მირზინაშვილი ერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაიბარებს. გენგეგმის მიხედვით, ჩარჩო გეგმებზე მუშაობა გვიწევს. ქალაქში შერჩეულია 11 არეალი, სადაც ჩარჩო გეგმების დამუშავება და ამ კონკრეტული არეალების განვითარება მოხდება, რათა ის შედეგები არ მივიღოთ, რაც თბილისის ზოგიერთ რაიონშია. ჩარჩო გეგმების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დაწყებული გვაქვს მნიშვნელოვანი რეფორმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე, რომელსაც სათავეში რუსუდან მირზიკაშვილი ჩაუდგება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას, თბილისის მერმა ალექსანდრე ტოგონიძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„მინდა წარმოგიდგინოთ ალექსანდრე ტოგონიძე, რომელსაც წარმატებებს ვუსურვებ. ის წლების განმავლობაში, მერიაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. მგონია, რომ იმ გამოწვევებს, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ერთიანი ძალისხმევით მოვაგვარებთ და წარმატებებს მივაღწევთ. გენგეგმის მიღების შემდეგ, მისი აღსრულება და განხორციელება ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება და ალექსანდრე ტოგონიძეს, მინდა ამ მიმართულებით, წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ლიანა ისაკაძეს, თენგიზ არჩვაძეს, ანზორ ერქომაიშვილს, გია ყანჩელსა და ალექსანდრე ხომერიკს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელები გადაეცემათ.

„ქალბატონ ლიანა ისაკაძეს, ბატონ თენგიზ არჩვაძეს, ანზორ ერქომაიშვილს, გია ყანჩელსა და ალექსანდრე ხომერიკს რამდენიმე დღის წინ იუბილე ჰქონდათ. დიდი სიყვარულით მინდა მივულოცო, პირველ რიგში, ჯანმრთელობა, ასევე, დღეგრძელობა და წარმატებები ვუსურვო. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ასეთი წარმატებული ადამიანები გვყავს. ისინი ყოველთვის სჭირდება ჩვენს ქალაქს, ქვეყანას და მინდა, დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ხუთივე მათგანს კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელები გადაეცემა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

საუბრის დასასრულს, კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიებს თხოვნით მიმართა, რომ თბილისში არსებულ დაუსრულებელ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით, წინადადებები წარმოადგინონ. მისი ინფორმაციით, დედაქალაქში სულ 179 დაუსრულებელი შენობა-ნაგებობაა.

„ჩვენ რამდენიმე ხნის წინ დაუსრულებელ შენობა-ნაგებობებზე ვისაუბრეთ, რომელიც სამწუხაროდ, მრავლად გვაქვს ქალაქში. ამის აღწერა მოხდა. ამ მიმართულებით, ილია ელოშვილი მუშაობდა. დაახლოებით, 179 ობიექტია. არსებულ მდგომარეობაზე პრემიერ-მინისტრთან საუბარი მქონდა. შესაბამისად, მისგან და ცენტრალური ხელისუფლებისგან არის სრული მხარდაჭერა, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. მინდა ირაკლი ხმალაძეს და ილია ელოშვილს დავავალო, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყონ. ასევე, მივმართავ დეველოპერებს, სამშენებლო კომპანიებს, არქიტექტორებს - გააქტიურდით. ქალაქში წლობით დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების პრობლემა არსებობს. მოგმართავთ, რომ იაქტიუროთ, მობრძანდეთ და თქვენი წინადადებები მოიტანოთ. ჩვენ ხელს შეგიწყობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ ეს პრობლემები და ქალაქში დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები არ გვქონდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, დაუსრულებელი შენობა-ნაგებობები დედაქალაქის იერსახის თვალსაზრისით, პრობლემას და დისკომფორტს ქმნის.

„ძალიან ცუდია, როდესაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, უბნებში და რაიონებში ასეთ შენობა-ნაგებობებს ვხედავთ და ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი შეიძლება მერიის მიმდებარე ტერიტორია იყოს. მგონია, რომ არავის მოგწონთ არსებული ხედი, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. გარდა ამისა, არის უამრავი ადამიანი, რომელსაც თანხები აქვთ გადახდილი და წლებია, საკუთარ ფართს ელოდება. მგონია, რომ ეს მათთვისაც სერიოზული შვება იქნება. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, რაც შეიძლება მალე, მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა შევთავაზოთ დეველოპერულ კომპანიებს, რომ ამ შენობა-ნაგებობების დასრულება მოხდეს. მგონია, რომ ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ“, - განაცხადა კალაძემ.

15 აგვისტო 2018