თბილისის მერია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების გადამზადებას იწყებს

თბილისის მერია ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან - "თბილისი 2015“-თან დაკავშირებით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების გადამზადებას იწყებს, - ამის შესახებ გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. 

„ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის“ სასწავლო ინსტიტუტის სერტიფიცირებული პროგრამების მიხედვით, სასწავლო კურსს კომპანია „McInerney Hospitality International“ კომპანია „KMS Georgia“-სთან თანამშრომლობით ჩაატარებს. 

ზოგადი სერვისის დონისა და პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით გადამზადდებიან თბილისში არსებული სასტუმროების საოპერაციო განყოფილების თანამშრომლები. გადამზადების კურსების გავლა შეუძლია იმ სასტუმროების პერსონალსაც, რომელთა გახსნაც ახალგაზრდული ოლიმპიადის დაწყებამდე იგეგმება.

მენეჯმენტისა და მომსახურების მიმართულებით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების გადამზადების კურსები 10 მარტიდან დაიწყება და მაისის ბოლომდე გასტანს. მსურველებს პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურში შეუძლიათ.

04 მარტი 2015