თბილისის მერმა იტალიის პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

თბილისის მერმა კახა კალაძემ იტალიის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

კახა კალაძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მან იტალიის პრეზიდენტსა და იტალიის დელეგაციას საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ, ქართველები და იტალიელები ვგავართ ერთმანეთს ძალიან ბევრი რამით. საქართველო პატარა ქვეყანაა. ჩვენ დაახლოებით, ოთხ მილიონამდე ვართ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გვაქვს ძალიან დიდი გული, რომელიც გაჯერებულია სიყვარულით, სტუმარ-მასპინძლობითა და სითბოთი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

იტალიის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა მრავალ საუკუნეს ითვლის, უძველესი დროიდან მოდის და მომავალშიც გაგრძელდება. საქართველო უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყანაა, რომელმაც საკუთარი თვითმყოფადობა ყველანაირი სირთულის მიუხედავად შეინარჩუნა. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ იმით, რომ იტალიის სახელმწიფო მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე შედგა. დღეს სრულდება ჩემი ვიზიტი საქართველოში. მე და ჩემს დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრის მეთაურობით, ბევრი შეხვედრა გვქონდა და ყველა ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები", - განაცხადა სერჯო მატარელამ.

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა.

17 ივლისი 2018