თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გამოთქმულ ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საწვავის ხარისხის ზრდა და ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებების განხორციელება აუცილებელია.

„მინდა გამოვეხმაურო ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია, საწვავის მიმართულებით გარკვეული ცვლილებები მოხდეს, ანუ ხარისხი ამაღლდეს, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მგონია, რომ რაც შეიძლება მალეა განსახორციელებელი ეს ცვლილება, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის საწვავი შემოვიდეს. განსაკუთრებით, საუბარია დიზელის მიმართულებაზე. ასევე, უნდა შეიზღუდოს დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოსვლა ქვეყანაში, რაც ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ახალი ავტომობილების შემოყვანა უნდა წახალისდეს.

„ელექტრომობილებზე ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილია, იმისთვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს. ასევე, ჰიბრიდებზე არის გარკვეული შეღავათები, თუმცა ჯერჯერობით, ძველი ჰიბრიდული ავტომობილები შემოდის, რომელიც მგონია, რომ გარემოსთვის ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს არის ავტომობილები, რომელთა გაყიდვას იმ ქვეყნებში ახდენენ, სადაც ისინი უკვე მოძველებულია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებული ავტოპარკის განახლება მოხდეს და საქართველოში რაც შეიძლება მეტი ახალი ავტომობილი შემოვიდეს.

შემდეგი საკითხი, რომელზეც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გამახვილდა, დედაქალაქში ჰაერის მტვრით დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მოქმედ კანონმდებლობაში რეგულაციების გამკაცრებაა. თბილისის მერის განცხადებით, მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს.

„დღეს, თბილისში ერთ-ერთი უმთავრესი და კომპლექსური პრობლემა ჰაერის მტვრით დაბინძურებაა, რასაც მასშტაბური მიდგომები სჭირდება. ჩვენ დავიწყეთ პარკების რეაბილიტაციის პროექტები, არსებული სკვერების განახლება, მწვანე სივრცეების შექმნა. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზე. გრუნტის და მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი პრობლემაა. შესაბამისად, მოქმედ კანონმდებლობაში რეგულაციები აუცილებლად უნდა გავამკაცროთ, რომელიც კონკრეტულად მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავებას გულისხმობს. არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც ქვის დამუშავება ხდება და მიმდებარე ტერიტორიაზე გავლა შეუძლებელია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, სამშენებლო მასალის ტრანსპორტირებისა და განთავსების მიმართულებით, ცვლილებების განხორციელება აუცილებელია.

„არის შემთხვევები, როდესაც დიდი ავტომობილები საშენი მასალით, ღიად და დამცავი ბადეების გარეშე გადაადგილდებიან. ესეც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ქალაქს ამტვერიანებს და ამას ჩვენი შვილები სუნთქავენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ და მერის მოადგილეებს დაავალა, რომ კანონში შესაბამისი ცვლილებები დაამუშაონ და საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინონ, რომელიც თანამშრომლობისთვის მზადაა.

თბილისის მერმა ყურადღება ასევე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტზე გაამახვილა, რომელიც დასამტკიცებლად, საკრებულოს უკვე გადაეგზავნა.

„გაკვირვებული დავრჩი ოპოზიციის მხრიდან გენგეგმაზე გაკეთებული განცხადებებით, რადგან, როდესაც „სითი ინსტიტუტმა“ პირველადი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელსაც სერიოზული ხარვეზები ჰქონდა, ოპოზიცია დაჟინებით ითხოვდა, რომ ის აუცილებლად მიგვეღო. სამი თვის თავზე, „სითი ინსტიტუტთან“ მუშაობის შედეგად, გამართული დოკუმენტი მივიღეთ და დღეს გვეუბნებიან, რომ ეს დოკუმენტი ხარვეზიანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საუბარია არა ყველა ოპოზიციურ ძალაზე, არამედ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაზე.

„ყველა რეფორმის განხორციელების დროს, მათ იგივე პოზიცია აქვთ. ეს პირადად ჩემთვის საინტერესო არ არის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც. ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ საზოგადოებას მათი რეალური სახე დავანახო. რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციურ ძალაზე არ არის საუბარი. კონკრეტულად იმ გაკოტრებულ პოლიტიკურ პარტიაზე ვსაუბრობ, ვინც ამ მიმართულებით, არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდა. იგივე დამოკიდებულება იყო, როდესაც თბილისის მერიამ „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. მე სხვა გადაწყვეტილებას ნამდვილად ვერ მივიღებდი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება გენერალურ გეგმას, დედაქალაქის მერის განცხადებით, ის პრაქტიკულად აღსრულებად დოკუმენტად იქცა.

„ვფიქრობ, რომ მართლაც მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომლითაც ჩვენ შევძლებთ, ქალაქის გრძელვადიან და რაც მთავარია, სწორ განვითარებას. გენგეგმა ვაქციეთ პრაქტიკულად აღსრულებად დოკუმენტად, ისე, რომ არც ერთი კონცეპტუალური მიდგომა, ზონირების არც ერთი მაჩვენებელი არ შეგვიცვლია. პირიქით, ტყეს აღვუდგინეთ სტატუსი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს - 2009 წელს საერთოდ გააქრეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, გენგეგმის ცვლილებები სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს უკვე გააცნეს.

„რამდენიმე დღის წინ, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გვქონდა და ავუხსენით ცვლილებები, რომელიც გენერალურ გეგმაში შევიდა. ვისაუბრეთ ასევე, არსებულ გამოწვევებზე და ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ქალაქის სწორ განვითარებას. ჩვენ, მერია მუდამ ღია ვართ. ვაწარმოებთ შეხვედრებს, ვუხსნით ცვლილებებს, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, რომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნას. შეიძლება ჩვენც რაიმეში ვცდებით და ვისმენთ, რა შეიძლება უკეთესად განვახორციელოთ, სად გვინდა გაუმჯობესება და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება და მიდგომები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის გადამუშავებაში ჩართულ ყველა თანამშრომელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

13 ივლისი 2018