თბილისს კიდევ ერთი სარეკრეაციო ზონა შეემატება

კრწანისის რაიონს კიდევ ერთი სარეკრეაციო ზონა შეემატება. გორგასლის შესახვევში მდებარე N2 კორპუსის მაცხოვრებლებმა 2015 წლის 7 მაისს  სსიპ  „ქონების მართვის სააგენტოს“ მიმართეს თხოვნით, რათა მათი კორპუსის მიმდებარედ არსებულ 2 005კვ.მ მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მინიჭებოდა. აღსანიშნავია, რომ ამავე ტერიტორიაზე განთავსებულია სპორტული მოედანი და მოსახლეობას სურს, მის მიმდებარედ დასასვენებელი სკვერი გაკეთდეს. 

ქონების მართვის სააგენტომ, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოსთან ერთად, განიხილა აღნიშნული საკითხი და  დააკმაყოფილა მოსახლეობის მოთხოვნა აღნიშნული ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე.                                                                 

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელი ზონის ნაცვლად, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარჩება განუსხვისებელ (ძირითად) ქონებად და საერთო სარგებლობის ფართად.

28 მაისი 2015