საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 2018 წლის 26 მაისს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ,  რუსთაველის გამზირზე მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა სახის აქტივობები და  კონცერტებია დაგეგმილი.

 

11:00-დან 22:00 საათამდე:

  • ექსპოზიცია „პოსტერი 100“ - ღია ცის ქვეშ, რუსთაველის გამზირზე 100 პოსტერისგან შემდგარი გამოფენა გაიმართება. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თაობის არტისტები, მხატვრები, გრაფიკული დიზაინერები, სამხატვრო სტუდიები და სახელოსნოები, ასევე სტუდენტები.
  • ლოგო „100“ - რუსთაველის გამზირზე, სპეციალურად შერჩეულ ადგილას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მოცულობითი ზომის ლოგო განთავსდება, რომელზეც დავით კაკაბაძის ცნობილი ფერწერული ტილოს პრინტი იქნება დატანილი.
  • ინსტალაცია „100“ - რკინის კონსტრუქცია - მოცულობითი ციფრები თანდართული საგამოფენო სტენდით და ჩამონტაჟებული ფოტომასალით.
  • კინოჩვენება - პროექტი გულისხმობს ძველი კინოთეატრის გაცოცხლებას. ოპერის მიმდებარედ განთავსდება კინო-პავილიონი შესაბამისი თემატური რეკვიზიტებით და დღის განმავლობაში გაეშვება სხვადასხვა ძველი ფილმები, ასევე ღონისძიებისთვის მომზადებული 25 წუთიანი ფილმი, სახელწოდებით „1918-2018“.
  • საბავშვო სივრცეები - პარლამენტის შენობის წინ მოეწყობა 3 საბავშვო გასართობის სივრცე:
  • სივრცე 1 - წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თამაშები და ღონისძიების განმავლობაში ტერიტორიაზე წარმოდგენილნი იქნებიან ანიმატორები. 
  • სივრცე 2 - ჭადრაკი, სამაგიდო თამაშები, დიდი შაში, ფეხის ბილიარდი, მხიარული სათვალეები, სიზმრების დამჭერი, ბამბის ნაყინი, პლასტელინით ძერწვა; ანიმატორები, მიმები.
  • სივრცე 3 - წარმოდგენილი იქნება ანიმატორები, ილუზიონისტების შოუ, საცირკო სანახაობა, ჯამბაზების შოუ, ოჩოფეხები, სახეზე მოხატვა, თოჯინების თეატრი, აზოტის შოუ, ზღაპრის გმირები, წყლის ბუშტების შოუ.
  • საბავშვო სცენა/კონცერტები - რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სცენა, სადაც დღის განმავლობაში სხვადასხვა საბავშვო სტუდიის კონცერტები გაიმართება.

საბავშვო კონცერტების განრიგი:

  • ბასტი-ბუბუ - 11:00 - 11:40 სთ
  • ანა-ბანა - 12:10 - 12:50 სთ
  • მეკოს სტუდია -   13:20 -14:00 სთ
  • ბიჭუნათა კაპელა - 14:15- 14:45 სთ
  • ბენდი 19 (მე-19 სკოლა) -   15:30-16:10 სთ
  • აბა-ბანა - 16:10-16:50 სთ
  • ბასტი-ბუბუ - 16:50-17:30 სთ
  • მეკოს სტუდია - 19:00- 19:40 სთ
  • საკარნავალო მსვლელობა (13:00-17:00 სთ) - მოეწყობა კოსტიუმირებული, სანახაობრივი მსვლელობა - "ზღაპრულ სამყაროში მოგზაური მუსიკოსები“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 24 თემატურ კოსტიუმში გამოწყობილი არტისტი. პერფორმანსს გააფორმებს სასულე ორკესტრი.
  • ყვავილების ფესტივალი - წარმოდგენილი იქნება დეკორატიული მცენარეები, ცოცხალი ყვავილების პანოები, დამთვალიერებელთათვის მოეწყობა "მწვანე გაკვეთილები", რომლებზეც გამოცდილი ფლორისტები, მსურველებს დეკორატიულ ქოთნებსა და ყვავილების გვირგვინებს დაამზადებინებენ.
  • ვარდების მოედანზე არსებული 300 წლის ზეთისხილის ხე მხატვრულად განათდება.

21:00 საათიდან

  • გალა კონცერტი - რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 100 წლისადმი მიძღვნილი გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება. გალა კონცერტის სცენა წინა წლებისგან განსხვავებით, აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის ელემენტებითა და დეკორაციებით: ამრეკლავი იატაკით, ლედ განათებებით, აკუსტიკური კედლებით და ა.შ.

სპეციალურად კონცერტისთვის 5 ცნობილი ქართველი კომპოზიტორი განსხვავებული ჟანრის ნამუშევარს შექმნის. საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წელი ხუთ პირობით ეპოქად იქნება დაყოფილი, თითოეულ ეტაპს კონკრეტული კომპოზიტორი თავის ნამუშევარს მიუძღვნის. გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე ნიჭიერი შემსრულებლები. ეპოქების ცვლის აღსაქმელად კონცერტში ვიზუალური ეფექტების ნაცვლად, განსხვავებული ხმოვანი არქიტექტურა იქნება გამოყენებული. კონცერტს აკომპანირებას გაუწევს თანამედროვე ქართული სადირიჟორო ხელოვნების ერთერთი წარმატებული წარმომადგენელი მირიან ხუხუნაიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის ორკესტრთან და გუნდთან ერთად. კონცერტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ორი ჰიმნი - „დიდება“ რომელიც გახსნის საღამოს და „თავისუფლება“ რომლის ახლებური შესრულებითაც დაიხურება კონცერტი. ასევე, შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შედევრის, მე-9 სიმფონიის მეოთხე ნაწილი - „ოდა სიხარულისა“.

  • 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
25 მაისი 2018