გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დედაქალაქის მერის მოადგილეების, გამგებლებისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების მონაწილეობით, გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, სახელწოდებით "გენდერული თანასწორობა თბილისის მუნიციპალიტეტში", ამ მიმართულებით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებები განიხილეს და მათი შესრულების პროცესში მუნიციპალიტეტის როლზე იმსჯელეს. გარდა ამისა, გაიმართა დისკუსია დისკრიმინაციული მიდგომებისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე, შესაძლებლობებსა და დამატებით საჭიროებებზე.

სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

20 მაისი 2018