თბილისის მერია ახალგაზრდული ბანაკების და ლაშქრობების ორგანიზების მიზნით საპროექტო განაცხადების მიღებას იწყებს

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამების განხორციელების მიზნით, საპროექტო განაცხადების მიღებას იწყებს. პროექტების წარდგენა შეუძლიათ არასამეწარმეო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ორ კომპონენტში: თემატური ბანაკები და სალაშქრო ტურები.

თემატური საზაფხულო ბანაკების ორგანიზება ხუთი მიმართულებით იგეგმება, მათ შორისაა მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ბანაკი, მეწარმეობის ბანაკი, მოხალისეობის ბანაკი, საჯომარდო ბანაკი და სახელოვნებო ბანაკი.

რაც შეეხება სალაშქრო ტურებს, უპირატესობა მიენიჭება თბილისის გარშემო არსებულ სალაშქრო მარშრუტებს, ლაშქრობაში მონაწილე ახალგაზრდები კი პროფესიონალი   გიდებისა და ინსტრუქტორების მომსახურებით ისარგებლებენ.

საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია  ხელი  შეუწყოს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ  გატარებასთან ერთად მათში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას. აღნიშნულ საზაფხულო პროგრამებში ჯამში 5000-მდე   ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 18 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით თბილისის მერიაში. გამარჯვებული პროექტები 10 ივნისამდე გამოვლინდება.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის, 24 მაისს, 15:00-დან 18:00 საათამდე თბილისის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა იგეგმება.

 

საპროექტო განაცხადის ფორმა

დამატებითი ინფორმაცია

17 მაისი 2018