თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, 30 მილიონი ლარი გამოეყოფა, რისთვისაც კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„სახელმწიფო ბიუჯეტში გამოინახა შესაძლებლობა, რომ მერიას უახლოეს დღეებში დამატებით, 30 მლნ ლარი გადმოეცეს, რომელიც ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა, რომლითაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს სთხოვა, აღნიშნული 30 მლნ ლარის ათვისება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდეს.

„აღნიშნული თანხა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იყო განსაზღვრული, მაგრამ მოგვეცა საშუალება, რომ თანხა წელსვე ავითვისოთ. მომავალ წელს ეს 30 მლნ, რომელიც ბიუჯეტში აისახება, სპორტული კომპლექსების მშენებლობაზე დაიხარჯება, რაც ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ასევე, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„ზოგადად, ქაალქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა არსებობს და დაგეგმილი გვაქვს, რომ ყვითელი ავტობუსები ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის ავტობუსებით ჩავანაცვლოთ. იგეგმება ასევე, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და ახალი, ევროპული ტიპის ვაგონების შემოყვანა. გუშინ ორი შემადგენლობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავამთავრეთ. საბურთალოს ხაზზე ექვსი ვაგონი ივლის და მგზავრებს მოემსახურება. ასევე, წარმოვადგინეთ მეტრომანი, რომელიც სპეციალურად, დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებითაა შექმნილი. 23-დან 26 მაისის ჩათვლით, მგზავრებს, ვისაც სურვილი აქვთ, შეუძლიათ, ბარათები უფასოდ მიიღონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დღევანდელ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიამ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის მიწის ნაკვეთები გამოყო და მასზე საცხოვრებელი შენობების აშენებას გეგმავს.

მისი თქმით, დედაქალაქში 3000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახია, რომლებმაც 90-იანი წლებიდან დღემდე, საკუთარი საცხოვრებელი ფართების მიღება ვერ შეძლეს. მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი კი, რომელზეც მათი სახლები უნდა აშენებულიყო, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გასხვისდა.

„90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ოჯახები ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებს წარმოადგენენ, რომლებმაც თავის დროზე, ბინათმშენებლობის ღირებულება გადაიხადეს, თუმცა სახელმწიფომ ამ ბინების მშენებლობა ვერ შეძლო და ეს ვალი აღიარებულია. 20-25 წლის განმავლობაში, ეს ადამიანები სასოწარკვეთილნი ელოდებიან, როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართს. სამწუხარო გარემოებაა ისიც, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომელზეც სახელმწიფოს ზემოთხსენებული ოჯახების სახლები უნდა აეშენებინა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სხვადასხვა დროს იქნა პრივატიზებული, რითაც ბოლომდე უგულებელყოფილი იქნა დაზარალებული ოჯახების მრავალწლიანი მოლოდინები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მოძიებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომლითაც პირველ ეტაპზე, მინიმუმ 800 ოჯახი დაკმაყოფილდება.

„შევიმუშავეთ რიგითობის სამართლიანი პრინციპი, რომლის მიხედვითაც, პირველ ეტაპზე, ყველაზე დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები დაკმაყოფილდებიან. შემდგომ კი, ამავე პრინციპის მიხედვით, დანარჩენები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესის მართვა მერიის მხრიდან სამართლიანად და თანმიმდევრულად განხორციელდეს. სოციალური სარეიტინგო ქულების დადგენა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური მომსახურების სააგენტოს საშუალებით, დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზეა შესაძლებელი. დაზარალებულ პირთა იმ ნაწილს, რომელსაც სარეიტინგო ქულა არ გააჩნია, შეუძლიათ, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს მიმართონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გამახვილდა, ის სამი ლოკაციაა, სადაც მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, დაინტერესებულ კერძო კომპანიებს ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ. მათ აღნიშნული ტერიტორიები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემათ.

კახა კალაძის განცხადებით, სამივე ლოკაციაზე დაახლოებით, 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი, ხოლო ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მუნიციპალიტეტს მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს.

„მიწისქვეშა პარკირებასთან დაკავშირებით, სამ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. ეს ადგილებია: გეგეშიძის ბაღი, რკინიგზის სადგური და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია. მინდა მივმართო ბიზნესსექტორს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომ იაქტიურონ ამ პროექტების განსახორციელებლად. მათ ამ კონკრეტულ ლოკაციებს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადავცემთ. აღნიშნულ სამ ლოკაციაზე დაახლოებით, 715 საპარკინგე ადგილის მოწყობის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ბიზნესი იაქტიურებს და აღნიშნული პროექტების ერთად განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

საპარკინგე ადგილების მოწყობის პარალელურად, ასევე ერთ ლარად, სამგორის ქუჩაზე მცხოვრებ 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მოქალაქეებს, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათი დაკანონების შესაძლებლობა მიეცემათ.

„ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ ადამიანებს ფართების დაკანონების საშუალება მიეცემოდათ, სადაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ. ჩვენ ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ. დღეს განვიხილავთ სამგორის ქუჩის N16-ში 18 ოჯახისთვის საცხოვრებლების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაცემის საკითხს. აღნიშნული პროცესი გრძელდება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანია ამ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა, ყველას დავეხმარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე მერის მოადგილე მაია ბითაძესა და თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს მამუკა მუმლაძეს სთხოვა, სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების საკითხის მოგვარებაზე მუშაობა დღესვე დაიწყონ.

„გავალებთ, რომ ე.წ. ყვითელი ავტობუსების კომპანიის მფლობელებთან მოლაპარაკებები დაიწყოთ, რომ ზაფხულში კონდიცირების პრობლემა მოგვარდეს, რათა მერსა და მერიას განმარტებების გაკეთება და მითითებების მიცემა არ დასჭირდეს, რომ მოქალაქეებს ელემენტარულად, კომფორტულად შეეძლოთ მგზავრობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებები დროულად უნდა დაიწყოს.

„გავალებთ, რომ დღესვე დაიწყოთ მოლაპარაკებები კომპანიასთან, რათა აღნიშნული პრობლემა არ გახდეს სალაპარაკო. მათ აქვთ დრო და არის შესაძლებლობა იმისა, რომ მგზავრები კომფორტულ გარემოში გადაადგილდნენ. დღესვე დაიწყეთ ამაზე მუშაობა და აღნიშნული პრობლემა იქნეს მოგვარებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

16 მაისი 2018