მაია ბითაძე გენდერის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კონფერენციას, სახელწოდებით „გენდერის საკითხები ურბანულ მმართველობასა და ტრანსპორტის სფეროში“ დაესწრო.

მაია ბითაძის განცხადებით, კონფერენციის მთავარი მიზანი ურბანული განვითარების სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალთა როლის გაძლიერებაა.

„აზიის განვითარების ბანკთან ერთად თბილისის მერიამ რეგიონის მასშტაბით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლობისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა უზრუნველყო, რომლის მთავარი მიზანი იყო ქალთა როლის გაძლიერება ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ურბანული განვითარება. მოგეხსენებათ, ორივე ძალიან აქტუალურია და აზიის განვითარების ბანკი ამ მიმართულებით ძალიან დიდ მხარდაჭერას აღმოუჩენს თბილისს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ორდღიანი კონფერენცია თბილისის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით იმართება. მისი მიზანია  გენდერული საკითხების განხილვა ურბანული განვითარებისა და სატრანაპორტო სფეროში, ასევე,  სამომავლო რეკომენდაციების შემუშავება, რათა გენდერული საკითხები ინტეგრირდეს  ქალაქის ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულებასთან.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში მომუშავე ქალები. ღონისძიებას, ასევე, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა სამსახურის უფროსი ანდრია ბასიალაია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან მირზიკაშვილი ესწრებიან.

24 აპრილი 2018