დედაქალაქის მერმა თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბილტმორში“, თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა. პრეზენტაციაზე, თბილისის მერთან ერთად, პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძეც წარსდგა და საზოგადოებას ღამის ეკონომიკის კონცეფცია დეტალურად გააცნო.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ღამის ეკონომიკა ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას გულისხმობს, რომელიც 20:00 საათიდან იწყება და დილამდე გრძელდება. პროცესში ჩართულია სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის, ტრანსპორტი და კომუნიკაციები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი, კულტურის ინდუსტრია, ვაჭრობა და სხვა.

პროექტის მიზანია, ზემოხსენებული სექტორების კოორდინირებული მუშაობისა და მათი სტიმულირების გზით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ტურიზმიდან შემოსული თანხების ზრდა, გარეუბნების გამოცოცხლება, საღამოსა და ღამის საათებში მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელება, თბილისის, როგორც 24-საათიანი ქალაქის პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე.

„გვქონდა რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, ვსაუბრობდით ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე, ტრანსპორტის მოწესრიგებაზე, ქალაქის კეთილმოწყობაზე. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ქალაქში ეკონომიკის განვითარება. ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მიმართულება ღამის ეკონომიკის განვითარებაა. ზოგადად, ღამის ეკონომიკის კონტექსტში მოიაზრება ტრანსპორტი, რომელსაც ამ მიმართულებით ხელს შევუწყობთ. ასევე, ერთ-ერთი საკითხია ხმაურის რეგულირება. ვიცით, რომ უსაფრთხოების საკითხები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ მიმართულებით, აქტიური თანამშრომლობა გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ღამის ეკონომიკის ერთ-ერთი ნაწილი ასევე, კულტურული და ხელოვნების ინდუსტრიის განვითარება და მისი, როგორც ეკონომიკის დარგის ჩამოყალიბებაა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, ღამის ეკონომიკის მთავარი მიმართულება დედაქალაქის სხვადასხვა უბნების განვითარებაა - კონცენტრირება არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე და ქალაქის განვითარება თანაბრად უნდა მოხდეს.

პროექტის პრეზენტაციაზე სერგი გვარჯალაძემ აღნიშნა, რომ 20:00 საათიდან, ქალაქში განსხვავებული ტიპის ეკონომიკური აქტივობები იწყება და ზოგიერთი სექტორის როლი უფრო მნიშვნელოვანი ხდება. კერძოდ, იზრდება გართობის, დასვენებისა და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა. მისი თქმით, ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც აღნიშნული პერიოდიდან დილამდე გრძელდება, ღამის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია და დღის განმავლობაში მიმდინარე ეკონომიკური აქტივობებისგან არ არის მოწყვეტილი.

„ღამის ეკონომიკის კომპონენტები და ასპექტებია: ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, ხმაურის რეგულირება, რომელიც ჩვენთვის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა იქნება. ასევე, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კულტურული აქტივობები და უბნების რეგენერაცია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველა დიდი ქალაქის ღამის ეკონომიკის კონცეფცია შევისწავლეთ. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა კომუნიკაცია, რადგან კომუნიკაციის გარეშე ღამის ეკონომიკა წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კრეატიული პროექტი, რომელშიც მიმიღია მონაწილეობა“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

მისივე განმარტებით, ღამის ეკონომიკაში ჩართულია ტრანსპორტის სექტორი და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები, ტურიზმის სექტორი, კულტურისა და კრეატიული ინდუსტრია, სპორტი, ვაჭრობის სექტორი, ასევე, მნიშვნელოვანია მერიის ფუნქცია - აღნიშნული სექტორების სტიმულირება და კოორდინაცია.

„საქართველოში ტურიზმის 28%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2017 წლის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ს შეადგენს, საიდანაც ბიუჯეტში 2.75 მლრდ აშშ დოლარი შევიდა. 2025 წლისთვის, საქართველო 11 მლნ ვიზიტორს ელოდება. არსებული სტატისტიკის მიხედვით, მათი 50% ქალაქ თბილისზე მოდის. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ მათი ვიზიტის დღეების რაოდენობა გავზარდოთ, რომელიც დაახლოებით, 2.5-3 დღეს შეადგენს. დღეს სამწუხაროდ, როდესაც ტურისტი ქალაქში გამოდის, ძირითადად, რამდენიმე უბანში მოძრაობს და ფაქტობრივად, საშუალება არ აქვს, სხვა უბნებსაც გაეცნოს“, - აღნიშნა ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა.

სერგი გვარჯალაძე ღამის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტად ასევე, ელექტრონულ მუსიკასა და კრეატიულ ინდუსტრიას ასახელებს, რომლებიც მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე საკმაოდ წარმატებული და პოპულარულია.

პროექტის განხორციელებით, სარგებელს მიიღებს დედაქალაქის მოსახლეობა, ხელი შეეწყობა მცირე და მიკრო მეწარმეების საქმიანობას, საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე, გაიზრდება დაინტერესება ინვესტორებისა და ტურისტების მხრიდან, ახალი შესაძლებლობები და სივრცეები შეიქმნება ხელოვანების შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, მუნიციპალური ინიციატივების განხორციელებისთვის იგეგმება ღამის ტრანსპორტის მოწესრიგება, მრავალფეროვანი კულტურული აქტივობის განხორციელება, მათ შორის, ღამის ღია კინოთეატრებისა და მუზეუმების ამოქმედება. გარდა ამისა, სტარტაპერებს მიეცემათ საშუალება, ბიზნეს აქსელერატორებისა და შემოთავაზებული საინვესტიციო პაკეტების მეშვეობით, ახალი ბიზნეს პროექტები განავითარონ.

პროექტის პრეზენტაციას საბანკო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სარესტორნო, სასტუმრო, მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე ტურიზმის, საგანმანათლებლო, კულტურის და სარეკლამო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის პრეზენტაცია

20 აპრილი 2018