თბილისის მერის მოადგილემ საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, საქველმოქმედო კონცერტში სახელწოდებით - „მუსიკის ენით მოთხრობილი“ მიიღო  მონაწილეობა.  კონცერტი საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში, სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის გაიმართა.

სოფიო ხუნწარიას განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაიმართება, რომელსაც დედაქალაქის მერია მხარს დაუჭერს.

„დღეს  ყველაზე საპასუხისმგებლო მისია მქონდა დაკისრებული, რადგან ორკესტრთან ერთად, სერგეი პროკოფიევის „პეტიას და მგელს“ ვკითხულობდი. იმედი მაქვს, პატარებს კონცერტი ძალიან მოეწონათ. აუცილებელია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაიმართოს“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ფესტივალი წელს, 12 აპრილიდან 17 მაისამდე გაგრძელდება. საკონცერტო პროგრამაში როგორც უცხოელი, ასევე, ქართველი შემსრულებლები მონაწილეობენ. კერძოდ, ცნობილი ტენორი - ქრისტიან ბენედიქტი, ცნობილი ბარიტონი ვიტორიო ვიტელი, საგანგებოდ მოწვეული დირიჟორი - ატილიო ტომაზელო, გერმანიის ქალაქ ინგოლშტატიდან სექსტეტი Del Arte, რომელთან ერთადაც, საქართველოში პირველად, „ბაროკო მუსიკას“  იანო ლიბეგაშვილი წარმოადგენს. ფესტივალი დავით ევგენიძის სიუბილეო საღამოთი დაიხურება.

რიგით XIII საერთაშორისო ფესტივალი - „აღდგომიდან ამაღლებამდე“ დედაქალაქში, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება და ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადებიდან 85 წლისთავს ეძღვნება.

 

19 აპრილი 2018