შეღავათიანი სამგზავრო ბარათების უკანონოდ გამოყნებაზე კონტროლი მკაცრდება

თბილისის მერიის ინიციატივით, 2018 წლის 13 აპრილს ცვლილებები შევიდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში N6-25, რომელიც არეგულირებს მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის წესებს. ცვლილება განაპირობა შეღავათიანი სამგზავრო ბარათების არაკეთილსინდისიერად გამოყენების გახშირებულმა შემთხვევებმა.

შეტანილი ცვლილების შედეგად, სამგზავრო ბარათის არაბენეფიციარის მიერ გამოყენების შემთხვევაში, თბილისის სატრანპორტო კომპანიის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს დააჯარიმოს დამრღვევი და არასწორად გამოყენებული ბარათი ავტომატურად დაბლოკოს 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ექვემდებარება ავტომატურ, უფასო განბლოკვას.

იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა გასაჩივრების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმდება, ბარათის კანონიერ მფლობელს შეუძლია მიმართოს მერიის შესაბამის სტრუქტურას განცხადებით, მოითხოვოს ბარათის განბლოკვა და მასზე სამგზავრო ფუნქციის აღდგენა, რაც განცხადების დარეგისტრირებიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო დღეში განხორციელდება.

17 აპრილი 2018