თბილისის მერი დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. დედაენის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაენის ბაღში, 12:00 საათიდან იმართება.

„დღეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. დედაენის ბაღში ძალიან სასიამოვნო გარემოა, სადაც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან მოსული. გამომცემლობებს წარმოდგენილი აქვთ თავიანთი წიგნები ქართული ანბანის შესახებ. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს დამწერლობას. საღამოს, დავით ევგენიძის ძალიან საინტერესო კონცერტი დაასრულებს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაენის ბაღში წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. პარალელურად, გაიმართა რამდენიმე წიგნის პრეზენტაცია, რომელთა ავტორებმა საკუთარი წიგნებიდან ამონარიდები წაიკითხეს. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა, საკუთარი ხელით ქართული ანბანი დაემზადებინა და 1920 წელს გამოცემული დედაენა მოეხატა.

დედაენის ძეგლთან ასევე, გაიმართა ხელოვნების სკოლის სიმებიან საკრავთა ორკესტრის კონცერტი და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის პერფორმანსი.

ბაღში, იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივიდან „დედა ენის“ სტამბური კლიშეები და ამავე სახელმძღვანელოსთვის შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ორიგინალი სამუშაო ვერსიები განთავსდა. წარმოდგენილი იყო ასევე, „დედა ენის“ შესახებ რეცენზიები და სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შექმნილი „დედაენა“.

14 აპრილი 2018