კახა კალაძე თბილისის საკრებულოში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. დედაქალაქის საკრებულოში შეკრებილ სტუმრებს თბილისის მერმა სახელმწიფო ენის დღე მიულოცა და ქართული ენის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ქართული ენა, ქართული დამწერლობა, ქართული ანბანი ეს არის არა მარტო ჩვენი, არამედ კაცობრიობის საუნჯე და მემკვიდრეობა. ქართული ენის დაცვა-შენარჩუნება იყო და არის ჩვენი ერის საუკუნოვანი, მარადიული მისია. ენას იცავდა და ემსახურებოდა ყველა, ვინც მომხვდურს წიგნს უმალავდა, ვინც ხელნაწერებს ამრავლებდა, ვინც ქართულ საგანმანათლებლო კერებს ქმნიდა და ქართული ენით მიმართავდა მტერს თუ მოყვარეს, შინ თუ გარეთ. ჩვენი ენა იმდენად მდიდარია, იმდენად ცოცხალი და მუდამ თანამედროვეა, რომ საუკუნეების მანძილზე ერგებოდა დროს, რეალობას და ეპოქის გამოწვევებს. ეს უწყვეტი ციკლია და დღეს ჩვენ, ჩვენი თაობა ვალდებული ვართ, დავიცვათ ენა, დამწერლობა და საკადრისი, კუთვნილი ადგილი დავუმკვიდროთ მას ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებაზე სამი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის პირადი საარქივო მასალა, ასევე, 10 სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილი და ამჟამად გაციფრებული შრიფტები გამოიფინა. ღონისძიებას ცენტრალური ხელისუფლების, დედაქალაქის მთავრობის, საკრებულოსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

13 აპრილი 2018