ქუთათელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერი კახა კალაძე ქუთათელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელიც საბურთალოს რაიონის გამგეობამ დღეიდან დაიწყო. საგზაო სამუშაოები დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

„აღნიშნულ ქუჩაზე ფეხით მოსიარულეებს პრობლემა ექმნებოდათ, ტროტუარები მწყობრიდან იყო გამოსული. ამ პროექტით გავაფართოებთ საფეხმავლო ბილიკებს. ასევე, მოვაწესრიგებთ სკოლის წინ დაზიანებულ გზის საფარს. გარდა ამისა, ავტომანქანებს ტროტუარებზე აპარკინგებენ და ესეც აიკრძალება. ეს კონკრეტული ქუჩა დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში მოწესრიგდება. სპეციალურად დავამთხვიეთ სკოლებში დასვენებას და გვინდა დრო მოვიგოთ, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შევუშალოთ“, - განმარტა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, ქუთათელის ქუჩაზე 1800 კვადრატულ მეტრი ასფალტის ახალი საფარი დაიგება, გაფართოვდება საფეხმავლო ბილიკი და 182 მეტრის მანძილზე მოეწყობა სანიაღვრე არხები. ამასთან, შშმ პირებისა და საბავშვო ეტლებისთვის ბორდიურზე პანდუსები მოეწყობა.

საგზაო სამუშაოებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ შეასრულებს. პროექტისთვის 170 000 ლარია გამოყოფილი.

რეაბილიტაციის პერიოდში ქუთათელის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. იოსებიძის ქუჩაზე, კალანდაძე-ქუთათელის მონაკვეთზე შესვლა ნებადართული იქნება მხოლოდ იმ ავტოტრანსპორტისთვის, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას, იქ არსებულ კომპანიებსა და სტუმრებს ეკუთვნით. შესაბამისად, აღნიშნული ზონის დასაწყისში განთავსდება ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“.

თბილისის მერია, ქუთათელის ქუჩაზე მოძრაობის დროებით შეზღუდვის გამო, ავტომფლობელებს ურჩევს, რომ ნუცუბიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე მოსახვედრად იონა ვაკელის ქუჩით, კოსტავას ქუჩით, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებით ისარგებლონ.

ქუთათელის ქუჩაზე ასევე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი იმყოფებოდნენ.

08 მარტი 2018