თბილისის მერი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის სასახლეში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. თბილისის მერმა პატივი მიაგო დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ქვეყნის წინაშე მათ დამსახურებაზე ისაუბრა. „იუნკრები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. დიდია ამ ახალგაზრდების ამაგი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ხანგრძლივმა ოკუპაციამაც ვერ გააუფერულა მათი თავდადება და გმირობა. ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ თუ რამხელა იყო ამ ახალგაზრდების სიყვარული ჩვენი ქვეყნის მიმართ. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გავითავისოთ ქართველ იუნკერთა თავდადება, მათი სამშობლოსადმი სიყვარული და ეს ყველაფერი მომავალ თაობებს გადავცეთ“,- განაცხადა კახა კალაძემ. ღონისძიების ფარგლებში პარლამენტის თბილისის სასახლის შიდა ეზოში, იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა.

25 თებერვალი 2018