დედა ენის ბაღში საახალწლო ქალაქი გაიხსნა

დღეიდან დედა ენის ბაღში გახსნილი საახალწლო ქალაქი სტუმრების მისაღებად მზად არის. საახალწლო ქალაქში გამართულ ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად დაესწრო.  ღონისძიებაზე თბილისის მერთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე,  საკრებულოს წევრები და პარლამენტის დეპუტატები იმყოფებოდნენ.

საახალწლო ქალაქი ვიზიტორებს 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, დილის 10 საათიდან  ღამის 12 საათამდე, მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით უმასპინძლებს. კერძოდ, დედა ენის ბაღში გაიხსნა საახალწლო ბაზრობა, კინოს მოყვარულთათვის ფუნქციონირებს ღია კინოთეატრი. ყოველდღე 12 საათიდან, საღამოს 6 საათამდე სხვა ღონისძიებებთან ერთად სპეციალურად პატარებისთვის, საბავშვო გასართობი ღონისძიებები ჩატარდება. გარდა ამისა, დაგეგმილია საახალწლო სპორტული აქტივობები, იფუნქციონირებს სახელოსნოები და დაინტერესებული პირებისთვის მოეწყობა ვორქშოფები.

დედა ენის ბაღში ყოველდღიურად ქართველის მომღერლების საახალწლო კონცერტები გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას რობი კუხიანიძე და ჯგუფი Outsider-ი, ბასტი ბუბუ, პარა ორკესტრი და დათუნა ალადაშვილი, „ბლექ მაროუზი" და  ჯგუფი „რეზო და ბავშვები" მიიღებენ.

21:00-დან 00:00 საათამდე  ალტერნატიული მუსიკისა და დიჯეების კონცერტები გაიმართება.

25 დეკემბერი 2017