კახა კალაძე საზეიმო პარაკლისს დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მეტეხის ხიდზე იმყოფებოდა, სადაც ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საზეიმო პარაკლისი გადაიხადა. პატრიარქმა მეტეხის ხიდზე შეკრებილი მრევლი დალოცა და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა. „გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. წმინდათა ასი ათასთა მოწამეთა ლოცვით, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო“, - ბრძანა პატრიარქმა.

ასი ათასი მოწამის ხსენების დღე საზოგადოებას თბილისის მერმაც მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას დედაქალაქის მერიის მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება. „მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ და გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან მსგავსი მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებისთვის მაქსიმალური თანადგომა იქნება. მომდევნო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გველოდება. მაქვს თითოეული თბილისელის იმედი. ჩვენ ერთად მოვახერხებთ იმას, რომ ჩვენი ქალაქი - ხვალინდელი თბილისი უფრო ლამაზი, მოწესრიგებული და რაც მთავარია, სიცოცხლით სავსე იყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მეტეხის ხიდზე ახალგაზრდული ორგანიზაცია „დავითიანნის“ ორგანიზებით ასევე, კონცერტი გაიმართა, რომელშიც ხალხური ანსამბლები და ფოლკლორული გუნდები მონაწილეობდნენ. პარაკლისის დასრულების შემდეგ კი, მოწამეთა პატივსაცემად, მტკვარში ყვავილები ჩაუშვეს.

13 ნოემბერი 2017