ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა დავით ნარმანიას ჯილდო გადასცა

თბილისში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის  სპორტული ღონისძიებების უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის, თბილისის მერს დავით ნარმანიას  სპეციალური ჯილდო გადაეცა. დედაქალაქის მერს ჯილდო მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე,  ნაციონალური ბიზნეს  რეიტინგების კავშირის პრეზიდენტმა ვალერი გიჟიცკიმ გადასცა.  

სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია დღეს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ , მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს კორპორატიული სპორტის  ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. დავით ნარმანიამ კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და  განაცხადა, რომ საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და თბილისის მერია მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას.  

„კონფერენციაში,  რომელზეც აქცენტი სპორტულ ტურიზმზე კეთდება, თბილისის მერიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერია, სპორტის სამინისტროსთან ერთად,  ძალიან ბევრ რეგიონულ და ევროპული მნიშვნელობის ღონისძიებებს  უჭერს მხარს, რათა სპორტული ტურიზმით დაინტერესებული ადამიანები  ჩვენს ქალაქში ჩამოვიდნენ.  მათი შემოსვლა პირდაპირ დაკავშირებულია ტურიზმის განვითარებასთან,  მეტ შემოსავალთან და მეტი ადამიანის  დასაქმებასთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში პირველად ტარდება. კონფერენცია სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ დღეს გაიხსნა და ხვალ დაიხურება. 

28 სექტემბერი 2017