ვაჟა-ფშაველას გამზირზე კილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობა დასრულდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე გზის გამყოფ ზოლზე კილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობა დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გიორგი წერეთელთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო.

რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დაიგო ქვაფენილი, ტერიტორიაზე დამონტაჟდა 125 ცალი ლამპიონი, სრულად აღდგა განათების და მოეწყო სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, გზის გამყოფ ზოლზე დაიდგა სკამები და სანაგვე ურნები.

როგორც დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, ხეივანში  სარეაბილიტაციო სამუშაოები, 70-იანი წლების შემდეგ, წელს პირველად ჩატარდა. ნარმანიას თქმით, აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მოხდა.

„მოსახლეობას აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციის ძალიან დიდი მოლოდინი  და მოთხოვნა ჰქონდა. ჩვენ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩავატარეთ. სამუშაოების ფარგლებში,  სრულად კეთილმოეწყო კილომეტრიანი  ხეივანი, სადაც დაიდგა ბაღის სკამები, ბავშვებისთვის კი  სათამაშო და დასასვენებელი სივრცე გაკეთდა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ხეივანში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა. მოხდა მრავალწლოვანი ხეების  სხვლა-ფორმირება  და აღნიშნულ ტერიტორიაზე 6 435  ჯიშის სხვადასხვა (გართხმული ღვია, ლავანდა, ჩიტავაშლა, კოწახური, ეონიმუსი, ნანდინა, წყავი, დეკორატიული შინდი, ტუია, არიზონის კვიპაროსი) დეკორატიული ბუჩქი დაირგო.  გზაგამყოფ ზოლზე,  15 500 კვმ-ზე,  ბალახიც დაითესა. 

23 სექტემბერი 2017