თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

თბილისში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ჩუღურეთის რაიონში, პალიასტომის ქუჩის N1-თან მშენებლობას საფუძველი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად ჩაუყარა. დედაქალაქის მერმა შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულაც ჩადო. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

თბილისის მერის თქმით, ჩუღურეთის რაიონს კიდევ ერთი ახალი ბაღი შეემატება და იგი 350-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.

,,ახალი ბაღების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი  საბავშვო ბაღის მშენებლობა დავიწყეთ, რაც ჩუღურეთის რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პარალელურ რეჟიმში, დედაქალაქის მასშტაბით, კიდევ 10 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ყველაფერი  ჩვენი პატარებისთვის კეთდება,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

პალიასტომის ქუჩაზე ახალი, 10 ჯგუფიანი საბავშვო ბაღი 2018 წელს გაიხსნება. ახალ ბაღში  70-მდე ადამიანი დასაქმდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე  კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი მიმდინარე წლის  სექტემბერში გაიხსნება და 250 ბავშვს მოემსახურება.

პროექტს სამშენებლო კომპანია „ბილდ ტერიტორი“ ახორციელებს.

 

14 ივლისი 2017