თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერია დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის წინააღმდეგ გავრცელებულ მორიგ დისკრიმინაციულ და ცრუ ინფორმაციას ეხმაურება.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ზაჰესის ხიდის ჩამონგრევის შესახებ ტყუილია, ხიდი ტექნიკურად სრულად გამართულია, საგზაო მოძრაობა კი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, დაცულია უსაფრთხოების ზომები.

ზაჰესის ხიდის მშენებლობის დასრულებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის შედეგად ხიდთან მისასვლელი გზის სავალი ნაწილი დაზიანდა და არა თავად ხიდი, კერძოდ, ღვარცოფმა გაარღვია ჯებირი და ჩამოშალა მიწა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზის დაზიანებულ მონაკვეთზე საყრდენი კედლის მშენებლობა, რაც სამუშაოების თანმდევი პროცესია.

გვსურს მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას და ნუ წარმართავენ წინასაარჩევნო კამპანიას მოსახლეობისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების გზით.

 

28 ივნისი 2017