„მდგრადი ენერგეტიკის კვირეული“-ის ფარგლებში სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა

თემაზე „განახლებადი ენერგიის წყაროები და ენერგოეფექტურობა“ დღეს სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია  „მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2017“-ის ფარგლებში გაიმართა. მასში მონაწილეობა  საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ყველა იმ სტუდენტმა მიიღო, რომლებიც მდგრადი ენერგეტიკის საინჟინრო, პოლიტიკური და სოციალური საკითხებით იყვნენ დაინტერესებულნი.

კონფერენციაზე საზოგადოებრივი და საცხოვრებელი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ იმსჯელეს. ასევე, განიხილეს შემდეგი თემები: ენერგოეფექტურობა მრეწველობაში; განახლებადი ენერგოტექნოლოგიები და მათი გამოყენება; ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური ტრანსპორტი; ენერგეტიკა, როგორც კლიმატის ცვლილების შერბილების ინსტრუმენტი.

სტუდენტებმა განახლებადი ენერგიის წყაროების და ენერგოეფექტურობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. საუკეთესო პრეზენტაციის ავტორებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა და თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ ფულადი პრიზები და სერტიფიკატები გადასცეს.

„მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2017“  მერების შეთანხმების ფარგლებში იმართება.

თბილისი მერების შეთანხმებას 2010 წლიდან შეუერთდა. შეთანხმება ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივაა და იგი აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე.

შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ 2020 წლისათვის შეამცირონ CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.

შეთანხმების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (SEAP). სამოქმედო გეგმა გულისხმობს თბილისის „მწვანე დედაქალაქად“ ქცევის შესაძლებლობას შესაბამისი პროექტების ორგანიზების გზით. 

 

 

 

 

22 ივნისი 2017