თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მოდერნიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის  გადახდის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის სისტემის შექმნის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. დოკუმენტის მიხედვით, დაინტერესებულმა საფინანსო ინსტიტუტებმა შესაბამისი წინადადებები თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 10 ივლისის 18 საათამდე უნდა წარადგინონ. დოკუმენტის ტექნიკური მოთხოვნებთან წარმოდგენილი წინადადებების შესაბამისობას და პირველი ეტაპის გამარჯვებულებს სპეციალური კომისია განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში გამოავლენს და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთავრობას წარუდგენს მოსაწონებლად. კომისია დაკომპლექტებულია თბილისის მთავრობის, თბილისის საკრებულოს, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით.

მეორე ეტაპზე გადასული კომპანიებისთვის გაიმართება აუქციონი, სადაც გამარჯვებული კომპანია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის შეთავაზებული საუკეთესო ფინანსური წინადადების წარდგენის მიხედვით იქნება გამოვლენილი. აუქციონი 10 მლნ. ლარიდან დაიწყება და გამარჯვებულ კომპანიას სისტემის მართვა 10 წლით გადაეცემა.

გამარჯვებულ კომპანიას ვალდებულება ექნება თბილისის მუნიციპალურ კომპანიაში გადახდის სისტემის მოდერნიზაცია და მისი დანერგვა ერთ წელში უზრუნველყოს. გამარჯვებულ კომპანიას ენიჭება ასევე ექსკლუზიური უფლება მეტროს ვესტიბიულებში საბანკო სერვის ცენტრების და მისი თანმდევი საბანკო სერვისების განთავსებისთვის შემდეგი 10 წლის განმავლობაში. საიჯარო თანხის მოცულობა წელიწადში 980 000 ლარით არის განსაზღვრული.

გადახდის ახალი თანამედროვე სისტემა მგზავრის კომფორტზე იქნება ორიენტირებული და მომხმარებელს საშუალებას მისცემს სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს, როგორც ერთჯერადი, ასევე ვადიანი სამგზავრო აბონიმენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

სისტემის დანერგვის შემდეგ, შესაძლებელი იქნება ავტობუსში გადახდისთვის მომხმარებელმა გამოიყენოს ქართული ბანკების მიერ გამოშვებული საბანკო ბარათები, სატრანსპორტო ბარათი, ასევე ვირტუალური გადახდის საშუალებები, როგორიცაა მობილური ტელეფონი ან სურვილისამებრ შეიძინონ ერთჯერადი ბილეთები.

ქართული ბანკების მიერ გამოშვებული ბარათებით გადახდისას მომხმარებელი დამატებით არ გადაიხდის საბანკო მომსახურების საკომისიოს. ამავე პროექტის ფარგლებში გამოიცვლება ავტობუსებში არსებული მოძველებული ვალიდატორები - გადახდის აპარატები, რომლებიც ახალი, თანამედროვე აპარატურით ჩანაცვლდება. ამასთან, მგზავრობის არსებული ტარიფი უცვლელი დარჩება.

გარდა ამისა, დედაქალაქის ვიზიტორებს  საშუალება ექნებათ, მგზავრობის ღირებულება, როგორც საქართველოში გამოშვებული სატრანსპორტო ბარათებით, ასევე  უცხოური საბანკო ბარათებით გადაიხადონ.

ახალი სისტემა მოიცავს მართვისა და კონტროლის ავტომატურ სისტემასაც, რომელის საშუალებითაც მეტი სიზუსტით იქნება შესაძლებელი ავტობუსის განრიგის და მოსვლის დროის კონტროლი. დაიხვეწება საინფორმაციო ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია.

რეფორმის გეგმარების პროცესში თბილისის მერიამ შეხვედრები გამართა და განიხილა ისეთი მოწინავე კომპანიების შეთავაზებები სისტემის და აღჭურვილობის ტექნიკურ მოთხოვნებზე როგორიცაა: Gemicle - უკრაინა, KentKart-თურქეთი, RG - პოლონეთი, Ridango -ესტონეთი, Trapeze - შვეიცარია,  Xerox - აშშ, Azry - საქართველო.

ასევე საკონკურსო დავალების ტექნიკური მოთხოვნები განხილული იქნა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის იყვნენ საქართველოს საბანკო ასოციაცია, VIZA საგადამხდელო სისტემა, EBRD და ADB ექსპერტები.

ამ დროისათვის არსებული გადახდის სისტემა 2007 წელს დაინერგა და მის ოპერირებას საქართველოს ბანკი ახორციელებს.

 

დოკუმენტის სრული ვერსიის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://tbilisi.gov.ge/news/3801

 

21 ივნისი 2017