ყოფილი საწარმო ტერიტორიების განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, სადაც ყოფილი საწარმო ტერიტორიების, ე.წ. „ბრაუნფილდების“ ურბანული განვითარების საკითხები განიხილებოდა. ღონისძიება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე „თბილისის ინკლუზიური ურბანული რეგენერაციის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს თბილისში არსებულ საწარმო ტერიტორიებზე განთავსებული შენობა-ნაგებობების კომერციული ფუნქციით გამოყენების პერსპექტივებზე, ასევე, ამ სივრცეებში დასასვენებელი პარკების მოწყობისა და რეკრეაციული მიზნებით განვითარების შესაძლებლობებზე.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც გენერალური გეგმის ჯგუფი მუშაობდა სწორედ ე.წ „ბრაუნფილდებია“- ყოფილი საწარმო ტერიტორიები, რომლებიც თავის დროზე ინდუსტრიული დანიშნულებით გამოიყენებოდა, შემდეგ კი, შესაძლებელია მათი განვითარება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მიმართულებით.

„მხოლოდ თბილისის წინაშე არ დგას „ბრაუნფილდების“ სწორი გამოყენების გამოწვევა. ეს საკითხები ძალიან ბევრი ქალაქისთვისაა აქტუალური და მნიშვნელოვანი. ბევრმა ქალაქმა გამოიარა ის გზა, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ და რასაც მომავალში გავივლით. ამიტომაც სხვადასხვა ქალაქისა და ქვეყნის წარმატებული გამოცდილების მაგალითი რომელიც მსოფლიო ბანკის სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში არაერთია, ჩვენ დაგვეხმარება სწორი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში,- განაცხადა დავით ნარმანიამ. ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, მისი მოადგილეები ირაკლი ლექვინაძე და ნატო ქიტიაშვილი ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

23 მაისი 2017