ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა

თბილისს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა - ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე,  ახალი ბაგა-ბაღის დასრულებული სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა.

შვიდ ჯგუფიანი ბაღი ფუნქციონირებას 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყებს. სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება 250  აღსაზრდელს მიიღებს,  დასაქმდება  40 - მდე ადამიანი.

"დღეს კიდევ ერთი ახალი ბაღი ჩავიბარეთ. ეს ძალიან მჭიდრო დასახლებაა. შესაბამისად, ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ბაგა-ბაღი. დღეიდან დაიწყება შენობის ინვენტარით აღჭურვა და შიდა კეთილმოწყობა, რომ სექტემბრიდან ამ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყოს"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ახალი საბავშვო ბაღი თბილისის სხვა ბაგა - ბაღებისგან ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა. შენობის დაგეგმვისას სააგენტომ  ტერიტორიის სიმცირე გაითვალისწინა და პროექტიც ამის მიხედვით მომზადდა.  

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.

13 მაისი 2017