თბილისის მერიის განცხადება უფასო სასადილოებთან დაკავშირებით

თბილისის მერია ცილისწამებას და მორიგ სიცრუეს უწოდებს პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას უფასო სასადილოებში კორუფციული სქემის არსებობის შესახებ და მოუწოდებს მას თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს, პოპულისტური განცხადებების გაკეთების ნაცვლად, შესაბამისი დოკუმენტები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა დღეს ბრიფინგზე გააკეთა.

რაც შეეხება გაკეთებული განცხადების შინაარსს, თბილისის მერია ხაზს უსვამს იმ ცვლილებებს, რომლებიც განასხვავებს თბილისის ძველი და ახალი მმართველობის დროს, რაც ასევე დადასტურდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2016 წელს გაკეთებული ანგარიშით.

გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისის ახალი მთავრობის პირობებში საგრძნობლად გაუმჯობესდა უფასო სასადილოებში სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა, საკვების ხარისხი, მოწესრიგდა ბენეფიციართა აღრიცხვიანობა, ხორციელდება მუდმივი მოტინორინგი, კეთილმოეწყო სასადილოების შენობები და შეიცვალა ინვენტარი. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სანიტარულ–ჰიგიენური ვითარების გაუმჯობესების გამო, სასადილოების მომსახურების მიღებაზე მოთხოვნა  გაიზარდა.

როგორც გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ თბილისის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტო, წელიწადში მინიმუმ 2–ჯერ ყველა უფასო სასადილოში ამოწმებს სანიტარულ ნორმებსა და საკვების ხარისხს.

დღეისათვის უფასოს სასადილოების ერთჯერადი ცხელი სადილით, რომლის კილოკალორაჟი შეადგენს 1100 კკალორიას,  39 ათასამდე ბენეფიციარი სარგებლობს.

 

08 მაისი 2017