ნაძალადევის რაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ნუშის ქუჩაზე, გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები  მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან და ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად  გაეცნო. ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა გაბუნია.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი,  რომლის მოწესრიგებაც მოსახლეობამ გვთხოვა, რადგან მათ ამ ქუჩაზე  გადაადგილების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ.  ეს გზა აქტუალურია იმ მხრივაც, რომ  მისასვლელი გზაა  იმ ახალ სარაგბო ბაზასთან, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. ამდენად, ორმაგად მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი კეთდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ნუშის ქუჩაზე მოეწყო კანალიზაციის ცენტრალური ქსელი და დაერთებები, სრულად გამოიცვალა წყალსადენის სისტემა.  მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის შემდეგ დაიწყო საგზაო სამუშაოები. პროექტის მიხედვით, მთლიან ქუჩაზე მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები და დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი. საგზაო ინფრასტრუქტურა  სულ 7 261 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.

აღსანიშნავია, რომ ნუშის  ქუჩაზე კანალიზაციის ცენტრალური ქსელი საერთოდ არ არსებობდა, საგზაო ინფრასტრუქტურა კი აქამდე არასოდეს მოწესრიგებულა.

ნუშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. პროექტი მაისის თვეში დასრულდება. მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და საგზაო სამუშაოების საერთო ღირებულება  650 000 ლარს შეადგენს.

 

23 აპრილი 2017