დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოში მერიის საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოში მერიის საქმიანობის შესახებ 2016 წლის ანგარიში წარადგინა. თბილისის მერმა  საკრებულოს დეპუტატებს თბილისის მერიის მიერ 2016 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტის მოცულობა 842 966.4 ათასი ლარით განისაზღვრა. ამასთან, დაფიქსირდა გადასახდელების შესრულების 99%-იანი მაჩვენებელი.

თბილისის მერმა წლის მთავარ პრიორიტეტებად დაასახელა  ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა,  განათლება და გამწვანების ღონისძიებები. „ქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, ჩვენ პროგრამული ბიუჯეტი სწორედ ამ საჭიროებებზე მივმართეთ და ძალა არ დავიშურეთ, რათა გარკვეულწილად მაინც მოგვეგვარებინა არსებული პრობლემები და თბილისელების ყოველდღიური ცხოვრება გაგვეხადა უკეთესი,“- განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, კრწანისი -შინდისისა და სამება-მახათას ახალი გზების,  კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ-იანი მონაკვეთისა და პუშკინის ესტაკადაზე.

დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წელს თბილისში კაპიტალურად შეკეთდა 500-მდე ქუჩა.  2017 წელს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქის მასშტაბით არსებულ 600-მდე ქუჩას. სრული სარეკონსტრუქციო სამუშაოები  ჩატარდა გულუასა და ბარათაშვილის ხიდებზე, გაიხსნა ახალი ხიდი ზაჰესის დასახლებაში.

თბილისის მერის თქმით, ხიდების აღდგენა-რეაბილიტაციის გარდა, 2016 წელს 144 ობიექტზე განხორციელდა ავარიული კორპუსების გამაგრება-გაძლიერება.

თბილისის მერმა 2016 წლის მნიშვნელოვან პროექტებს შორის გამოყო  „ახალი ტფილისი“. დავით ნარმანიას განცხადებით, პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა და დავით აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახით აღდგა 51 ისტორიული შენობა, მათ შორის, 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

„2017 წელს ვიწყებთ პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპს, რომელიც ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ითვალისწინებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა ისაუბრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ქალაქში მოძრაობს ევროსტანდარტების შესაბამისი “Man Truck and Bus AG”-ის ახალი 40 ლურჯი ავტობუსი. უახლოეს მომავალში, სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე კიდევ “Man“-ის 103 ახალი ავტობუსი გავა.

ანგარიშის პრეზენტაციაზე დავით ნარმანიამ გამწვანების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, 2016 წელს, დედაქალაქის მასშტაბით, 180 000 ხე-მცენარე დაირგო.  თბილისსა და მის შემოგარენში ნუშისა და ზეთისხილის პირველი ბაღები  გაშენდა.  2014 წლიდან დღემდე  650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული. ამასთან, მოეწყო 30 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 249-ს.

როგორც წლიური ანგარიშის წარდგენისას თბილისის მერმა განაცხადა, 2017 წელს თბილისს ექნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. დავით ნარმანიას თქმით, დოკუმენტზე საერთაშორისო კონსორციუმი და დარგის 200-მდე სპეციალისტი მუშაობს. ამასთან, უკვე დასრულდა და დედაქალაქის მერიას ჩაბარდა თბილისის ზღვის განვითარების გენერალური გეგმა. გენგეგმაზე საუბრის დროს თბილისის მერმა ხაზი გაუსვა განაშენენიანების რეგულირების ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ქალაქის ცენტრალურ  ნაწილში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გაზრდაზე შეზღუდვა დაწესდა.

თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე. დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2016 წელს 31 პროგრამა განახორციელა, რომლის ბიუჯეტი 70 395 101 ლარი იყო, ბიუჯეტის შესრულების საკასო მაჩვენებელმა კი, 70 193 163 ლარი (99.7%) შეადგინა.

თბილისის მერის განცხადებით, 2016 წელს გაიხსნა 7 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი, რის შედეგადაც 3000-ზე მეტმა ბავშვი ჩაერთო სააღმზრდელო პროცესში. გარდა ამისა, 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ამავე პერიოდში აღდგა 4 დახურული ბაღი.

დავით ნარმანიამ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ხელშეწყობის მიმართულებით, თბილისის მერიამ ერთი წლის განმავლობაში 28 პროექტი განახორციელა, მათ შორის, დააფინანსა 50-მდე Start Up პროექტი, გახსნა ახალგაზრდული ცენტრები, დანერგა სტუდენტთა წახალისების პროგრამა და დაიწყო შშმ მოსწავლეების ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურება.

რაც შეეხება კულტურასა და სპორტს, თბილისის მერის თქმით, 2016 წელს, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრამები და პროექტები განხორციელდა.  

,,შეიქმნა „მუზეუმების გაერთიანება“, ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალები, დაარსდა

გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი „თბილისის თანამედროვე ბალეტი, „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ და „ბიჭუნათა კაპელა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, 2016 წელს დედაქალაქს რამდენიმე მნიშვნელოვანი ძეგლი და სკულპტურა შეემატა, რესტავრაცია ჩაუტარდა ილია ჭავჭავაძის საფლავს მთაწმინდის პანთეონში, აღდგა მზიურის კარიბჭე, წარმატებით ჩატარდა სახალხო დღესასწაულები.

„რაც შეეხება სპორტს, 2016 წელს, თბილისის მერიის მხარდაჭერით დაფინანსდა 210 სპორტული ღონისძიება და სპორტსმენთა მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებაში.  დედაქალაქის მასშტაბით მოეწყო 7 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 210 სპორტულ მოედანს. აღდგა და გაიხსნა სპორტული დარბაზები, სკვერებში დამონტაჟდა სავარჯიშო მოწყობილობები, მიმდინარეობს რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსისა და  საერთაშორისო სტანდარტების მქონე რაგბის სტადიონის მშენებლობა და სხვა’’, - განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიამ ანგარიშის პრეზენტაციაზე ყურადღება გაამახვილა ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურებაზე და აღნიშნა, რომ თბილისის მერია ეტაპობრივად გადადის აღნიშნული პრინციპით მუშაობაზე, რაც მოქალაქეებს მერიის სამსახურებთან ურთიერთობას გაუმარტივებს და დაუზოგავს დროს.

თბილისის მერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეგახსენებთ, თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა. დავით ნარმანიამ  დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა.

11 აპრილი 2017