თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერია ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს.

გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ გარემოვაჭრეებს, როგორც წინა შემთხვევების დროს, ასევე, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, მიეცათ გაფრთხილება უკანონო საქმიანობის აღკვეთის თაობაზე. შესაბამისად, თბილისის მერიამ, უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედა: მიმდებარე ტერიტორიაზე უზრუნველყო უნებართვოდ განთავსებული სავაჭრო კონსტრუქციების დემონტაჟი, ტერიტორია დასუფთავდა და გაიწმინდა ნარჩენებისგან.

დედაქალაქის მთავრობასა და ბაზრობების ასოციაციას შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ სხვადასხვა ბაზრობებზე, გარემოვაჭრეები, სავაჭრო ფართებით 6 თვის ვადით, იჯარის გადასახადის გარეშე ისარგებლებენ, ხოლო შემდგომ შეღავათიანი პირობებით გააგრძელებენ სამეწარმეო საქმიანობას. ამ დროისათვის 70 გარემოვაჭრემ მიიღო შეთავაზება და პროდუქციის რეალიზაციას ბაზრობების ასოციაციის ტერიტორიაზე განაგრძობს.

გვინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კონკრეტული პირები ცდილობენ თემით სპეკულირებას და მეწარმეებს უკანონო ქმედების ჩადენისკენ მოუწოდებენ, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია. დამატებით განვმარტავთ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის განხორციელება დაუშვებელია, შესაბამისად, ყველა უკანონო ქმედებას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

 

05 აპრილი 2017