თბილისის მერი რუმინეთის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი  დავით ნარმანია რუმინეთის ელჩს საქართველოში რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი ისკო დასენი ესწრებოდა. მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

დავით ნარმანიამ ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებული ბიზნესურთიერთობების  შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუმინეთის დიპლომატიური ურთიერთობა 25 წელს ითვლის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რუმინეთის გამოცდილების გაზიარება  პარკირების სისტემის მოწესრიგების მიმართულებით. 

„ჩვენ აქტიური ურთიერთობები გვაქვს ბუქარესტთან  ბიზნესის, ეკონომიკის და კულტურის სფეროებში. ამჟამად ვმუშაობთ ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომელიც ტურიზმის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით იქნება  მნიშვნელოვანი. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში, ეს ურთიერთობები  მეტ დატვირთვას იძენს. ჩვენი მიზანია ამ ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება,“  - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რუმინეთის ელჩმა თბილისის მერს ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებაში აქტიური მხარდაჭერა აღუთქვა.

17 მარტი 2017