თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერია სტიქიის შედეგად დაზარალებული იმ 5 ოჯახის შესახებ, რომელთაც საცხოვრებელი სახლები კანონიერ მფლობელობაში არ ჰქონიათ, განცხადებას ავრცელებს.

13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს შორის აღმოჩნდა 13 ოჯახი, რომელთაც არ გააჩნდათ საკუთრების მოწმობა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თბილისის მერიამ მათ მაინც გაუკეთა შეთავაზება საცხოვრებელი სახლისა და ფულადი დახმარების სახით, რასაც 8 ოჯახი დაეთანხმა, ხუთმა კი ჯერ - თანხმობა, ხოლო მოგვიანებით უარი განაცხადა.

შეთავაზებაზე უარი თქვეს:

  1. დავით გურგენიძემ -  2 ბინა და 75 000 ლარი ( ხუთსულიანი ოჯახი)
  2. ნანი კრიჭაშვილმა - 1 ბინა და 30 000 ლარი ( ორსულიანი ოჯახი)
  3. ნანა ქემოკლიძემ - 1 ბინა და 30 000 ლარი (ორსულიანი ოჯახი)
  4. ზაზა ჯელაძემ - 1 ბინა და 30 000 ლარი (ერთსულიანი ოჯახი)
  5. დავით ბორძიკულმა - 1 ბინა და 30 000 ლარი (ერთსულიანი ოჯახი)

დაზარალებულთათვის დახმარების გაცემის ოდენობა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილების საფუძველზე განისაზღვრა.

მიუხედავად უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების არ ქონისა, აღნიშნულმა პირებმა მუნიციპალიტეტისგან კიდევ უფრო მასშტაბური ფულადი დახმარება მოითხოვეს და მიმართეს სასამართლოს.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ იხელმძღვანელა მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. იმ შემთხვევაში, თუ არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობა შეიცვლება, სააგენტო იმოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

24 თებერვალი 2017