დავით ნარმანიამ 99 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ-ს სამრეწველო ლაბორატორია გადასცა

თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან,  გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 99 წლის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო. უნივერსიტეტის იუბილეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მთავრობის წევრები, პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დავით ნარმანიამ თსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უნივერსიტეტის იუბილე მიულოცა, უნივერსიტეტს კი საჩუქრად ინოვაციური სამრეწველო ლაბორატორია „ფაბლაბი“ გადასცა. თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით  აღჭურვილი ლაბორატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში, თბილისის  მერიის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში,  2015 წელს გაიხსნა.

„ჩემთვის, ერთი მხრივ, როგორც უნივერსიტეტის პროფესორისთვის და, მეორე მხრივ, დედაქალაქის მერისთვის, განსაკუთრებული პატივია, დღეს თქვენთან ერთად ვიყო და მოგილოცოთ დედა უნივერსიტეტის 99 წლის იუბილე. იყო უნივერსიტეტელი, რომელსაც  ერთი საუკუნე უსრულდება, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და ღირსებაა, რომელსაც სათანადოდ უნდა გავუფრთხილდეთ. ამასთან, რადგან იუბილეზე საჩუქრებით მოდიან, თბილისის მერიის  სახელით მე დღეს უნივერსიტეტს გადავცემ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან საჩუქარს. ეს არის თანამედროვე ინოვაციური ბიზნეს ლაბორატორია, „ფაბლაბი“, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით, რამდენიმე თვის წინ, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში მოეწყო.  თბილისის მთავრობის განკარგულებით, აღნიშნული ფაბლაბი  დღეიდან გადაეცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რასაც ვულოცავ სტუდენტებს“,-განაცხადა თბილისის მერმა.

საიუბილეო საღამოზე ფოტოგამოფენა „პირველი“ გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო  მასალები პირველი ეროვნული უნივერსიტეტის გახსნისათვის მზადების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პირველი პროფესორების, ევროპაში წარგზავნილი სტუდენტების, ევროპაში განათლება მიღებულ ქართველ მეცნიერთა მიღწევების შესახებ.

ღონისძიებაზე უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორები და წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვეს. 

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი  1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით ერთ–ერთი უდიდესია საქართველოში. დღეისთვის თსუ–ს 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან და რეგიონიდან, რომელიც ,,თაიმსის“ მსოფლიოს უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალში (Times Higher Education World University Rankings) მოხვდა.

 

 

08 თებერვალი 2017