დავით ნარმანია: 2017 წლის ბიუჯეტში გამწვანების მიმართულებით წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 3 მლნ-იანი ზრდაა

2017 წლის ბიუჯეტში გამწვანების მიმართულებით წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 3 მლნ-იანი ზრდაა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა. დავით ნარმანიას თქმით, 2017-ში ქალაქის გამწვანების მიმართულებით, მასშტაბურ ღონისძიებები იგეგმება.

 „დედაქალაქის ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული, მოეწყო 82-ზე მეტი ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 350-მდე სკვერს. 2017-ში სამუშაოები კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წარიმართება. გარდა ხე-მცენარეების დარგვისა და ბაღებისა და სკვერების მოვლა-პატრონობისა მომავალ წელს დაგეგმილია დედაქალაქის მასშტაბით არსებული ხე-მცენარეების ინვენტარიზაცია, რაც ძალიან დიდი ხანია დედაქალაქში არ განხორციელებულა და ეს გახლავთ ძალიან საჭირო, აუცილებელი ღონისძიება, რაც ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო. გარდა ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებისა, დონორ ორგანიზაციებთან ერთად ვგეგმავთ არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას! 2017 წელს დაგეგმილია თბილისის ზოოლოგიური პარკისა და ბოტანიკური ბაღის განვითარება, ასევე, ვაპირებთ მასშტაბური გამწვანებითი სამუშაოები ჩავატაროთ ყაზბეგის გამზირზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარედ, გოძიაშვილის სახელობის სკვერში, დაგეგმილია გელოვანის გამზირის შუა ზოლის გამწვანება, გურამიშვილის გამზირი, ხეთაგუროვის სკვერი და ა.შ. „, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, კიდევ ერთი დიდი პროექტი იქნება მზიურის პარკი. საპროექტო დოკუმენტაცია უკვე შედგენილია და კონცეფცია ითვალისწინებს პარკის ტერიტორიაზე  ველო და სასეირნო ბილიკების მოწყობას, გასართობ და მოსასვენებელ ზონებს, საბავშვო მოედნებს, ფანჩატურებს.

„მხოლოდ მზიურში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია 3400 ძირზე მეტი ხე-მცენარის დარგვა, სარწყავი სისტემის მოწყობა. რაც შეეხება მზიურის ცენტრალურ მხარეს, მისი ძირითადი ფორმები შეინარჩუნებს ძველს იერსახეს, რამეთუ ის ერთგვარად წარმოადგენს თბილისის და აღნიშნული უბნის სავიზიტო ბარათს, თუმცა ბუნებრივია აღდგება დაზიანებული ქვაფენილები, დეკორატიული ღობეები და ა.შ. მზიური უნდა იქცეს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ პარკად, სადაც თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები თავისუფალი დროის გატარებას შეძლებენ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

 

16 დეკემბერი 2016