ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

თბილისის მერი დავით ნარმანია ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო. საქართველოში გაეროს წარმომადგენლობისა და ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საგზაო კანონპროექტი და მასში შემავალი საკითხები განიხილეს.  

შეხვედრაზე, ასევე წარმოდგენილი იყო კვლევა, თუ როგორია განწყობა საგზაო მოძრაობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ. “ალიანსისა” და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით საქართველოს სამ ქალაქში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში  1000 რესპონდენტი (მძღოლები და ქვეითები) გამოიკითხა.

კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ ღონისძიებაზე თბილისის მერთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დავით ნარმანიამ დამსწრე საზოგადოებას თბილისის მერიის მიერ საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„თბილისის მერიის როლი მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების ნაწილში, ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ეს არის მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა გადაადგილებისთვის, ასევე, შუქნიშნების მოწესრიგება, ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხები და შესაბამისი  საგზაო მონიშვნები, რისთვისაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, ე.წ.  ერთიანი მართვის სისტემაზე მიბმული შუქნიშნების სისტემა, ასევე, გზებზე მონიშვნების აქტიური სამუშაოები არის ის აუცილებელი რამ, რასაც თბილისის მერია ახორციელებს, რათა უსაფრთხოების  თვალსაზრისით ჩვენი  წვლილი შევიტანოთ და შემცირდეს ის ნეგატიური შედეგები, რაც ამ კუთხით არსებობს ქალაქში,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 

25 ნოემბერი 2016