თბილისიმარათონი 23 ოქტომბერს გაიმართება

თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, 23 ოქტომბერს თბილისიმარათონი 2016 გაიმართება. მარათონი სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს. თბილისიმარათონი 2016-ის შესახებ, დღეს „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც მარათონის ორგანიზატორებთან და მის მხარდამჭერებთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე  ირაკლი ლექვინაძე დაესწრო. როგორც ლექვინაძემ განაცხადა, თბილისის მერია, ტრადიციულად,  წელსაც მარათონის აქტიური მხარდამჭერი იქნება. დედაქალაქის მერის მოადგილემ მსგავსი ტიპის ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყველას მარათონში ჩაბმისკენ  მოუწოდა.

„თბილისის მერია აქტიურად  უჭერს მხარს თბილისიმარათონის განხორციელებას, რადგანაც ეს არის ერთ-ერთი ის ღონისძიება, რომელიც თბილისს საერთაშორისო სივრცეში წარმოაჩენს. აღნიშნული მარათონის მონაწილეები არიან, როგორც თბილისელები, ასევე თბილისის უცხოელი სტუმრები და ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოხმაურება, რომელიც  ამ მარათონის განხორციელებას მოჰყვება,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

თბილისიმარათონის რეგისტრაცია 22 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს და რეგისტრაციიდან შემოსული თანხა საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდება. წლევანდელი გარბენი ნახევარმარათონს, 10 კილომეტრიან გარბენს და ბავშვთა გარბენებს გულისხმობს. თბილისიმარათონი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება. 

18 ოქტომბერი 2016